ქართული ელ-კლასიკო – სწორედ ასე არის შერაცხული თბილისის „დინამოს“ და ქუთაისის „ტორპედოს“ დაპირისპირება ეროვნულ ჩემპიონატში.
მართალია, ეს ის ძველი „ტორპედო“ აღარ არის, მაგრამ ამ გუნდების ჯახი ყოველთვის პრინციპული და საინტერესოა.
11 ტურის შემდეგ, ერთადერთი გუნდი, რომელმაც ეროვნულ ლიგაში გამარჯვების გემო რა არის ჯერ კიდევ არ იცის, ეს სწორედ „ტორპედოა“. ქუთათურებმა ვერც ამჯერად გაიხარეს და „დინამო არენაზე“ მინიმალური ანგარიშით 0:1 დამარცხდნენ.
მატჩი მომენტებით უხვად დახუნძლული არ ყოფილა, თუმცა უპირატესობას მასპინძლები ფლობდნენ. „დინამომ“ მეტოქის მარწუხებს განსაკუთრებით მეორე ტაიმში მოუჭირა და შეიძლება ითქვას, რომ დამსახურებული 3 ქულა მოიპოვა.
გოლი კი აკადემიურ სტილში, „დინამოს“ აკადემიის ფეხბურთელებმა გამოაცხვეს. ლუკა გაგნიძის მახვილგონივრულ გადაცემას თორნიკე მორჩილაძე გამოეხმაურა და როგორც „დინამოში, ასევე ეროვნულ ჩემიონატში თავისი სადებიუტო გოლიც შეაგდო.
ამრიგად, 11 ტურის შემდეგ თბილისის „დინამო“ 25 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „ტორპედო“ 6 ქულით ცხრილის ფსკერზეა.





