სასწაული უნდა მოხდეს, თბილისის დინამომ მიმდინარე სეზონში ჩემპიონობა ხელიდან გაუშვას. ეს სასწაული კი იმ შემთხვევაში მოხდება თუ ეროვნული ლიგის ბოლო ტურში, თბილისელები თანაქალაქელ „მერანთან“ შინაურ კედლებში წააგებენ. თან იმასაც თუ გავითვალისწინებთ, რომ „მერანი“ სატურნირო ცხრილის ფსკერზე იმყოფება და 17 ტურმა ისე ჩაიარა გამარჯვების გემო რა არის არ იცის, გვეეჭვება ჩემპიონობისთვის დაგეშილ „დინამოს“ აჯობოს.
ჩისკოს შეგირდები კი ჩემპიონობას 16-ე ტურის გადადებულ მატჩში „სამტრედიასთან“ გამარჯვებით მიუახლოვდნენ. წყვილის ფავორიტად უდავოდ თბილისელები მიიჩნეოდნენ და მათაც მოკრძალებულად, თუმცა მაინც დასახულ მიზანს მიაღწიეს და 41-ე წუთზე ქავთარაძის ერთადერთი გოლით იმარჯვეს.
ამ გამარჯვებით „დინამოს“ 37 ქულა დაუგროვდა და მდევარ „ბათუმს“ ორი ქულით უსწრებს, რომელმაც თავისმხრივ სტუმრად ქუთაისის „ტორპედოს“ 2:1 მოუგო.
ეროვნული ჩემპიონატის ბოლო ტური 10 დეკემბერს გაიმართება.





