თურქული შეკრებიდან დაბრუნების შემდეგ, თბილისის „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი ხაზგასმით აღნიშნავდა, რომ აუხლოეს პერიოდში გუნდი ერთი-ორი ლეგიონერით აუცილებლად გაძლიერდებოდა. მაშინ, „პრაიმსპორტთან“ კომენტარში ნემსაძემ ფეხბურთელის ვინაობის გამხელისგან თავი შეიკავა.
ახლა კი ცნობილი გახდა, რომ „დინამოს“ მთავარი მწვრთნელი სეკუ კეიტას გულისხმობდა, რომელიც ქართული ფეხბურთის ფლაგმანთან ერთწლიან კონტრაქტს გააფორმებს.
გვინეელ ფეხბურთელს, თავის ეროვნულ ნაკრებში 7 მატჩი უთამაშია. ბოლოს მან გვინეის ნაკრების მაისური 2015 წელს მოირგო და მას შემდეგ იქ აღარ გამოჩენილა.
რაც შეეხება საკლუბო კარიერას, 26 წლის ფორვარდს მადრიდის „ატლეტიკოს“ სარეზერვო გუნდში არაერთი მატჩი აქვს ჩატარებული. დიეგო სიმეონემ ის ერთხელ ძირითად გუნდშიც ათამაშა. ეს 2014 წელს ესპანეთის სამეფო თასზე მოხდა.
სეკუ კეიტას „დინამოში“ გადმობარგებამდე ბურთი უგორებია ლუქსემბურგულ „დუდელანჟში“, კვიპროსულ „ერმისში“, საფრანგეთის მეორე ლიგის გუნდებში, ბოლოს კი ქუვეითურ „ალ-არაბიში“ ირიცხებოდა.
ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშება 27 თებერვალს დაიწყება და „დინამო“ პირველ ტურში შინაურ არენაზე წყალტუბოს „სამგურალს“ დაუპირისპირდება. სეკუ კეიტას გამოჩენასაც ამ მატჩში უნდა ველოდოთ.





