თბილისის „ლოკომოტივი“ საკუთარ თავს ისევ არ ჰგავს. აშკარაა, რომ გუნდი კრიზისშია, რასაც მთავარი მწვრთნელის გიორგი ჭიაბრიშვილის 10 მატჩიანი დისკვალიფიკაციაც დაერთო.
რკინიგზელები უკვე ზედიზედ მეოთხე მატჩია ვერ იგებენ. უფრო მეტიც – აქედან „ლოკომოტივმა“ სულაც 3 წააგო და ოდენ ერთ ფრეს გამორჩა.
ამჯერად, გიორგი ჭიაბრიშვილის შეგირდები შინ გორის დილასთან 1:2 დამარცხდნენ. გორელები აღმავლობის გზაზე არიან და ამ გამარჯვებითაც 22 ქულით სატურნირო ცხრილში მესამე ადგილი გაიმყარეს.
„დილას“ ლეგიონერებმა მოაგებინეს. გიორგი მამარდაშვილის კარში გოლები ფრანცისკო მადინგამ და უსმან კამარამ გაიტანეს, „ლოკომოტივის“ რიგებში კი თავი ნიკა სანდოხაძემ გამოიჩინა.
„ლოკომოტივი“ 15 ქულით მე-5 ადგილზეა და მომდევნო მატჩს 12 მაისს სტუმრად ქობულეთის „შუქურასთან“ გამართავს, ხოლო „დილა“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს.





