„ძალიან დაღლილი, მაგრამ ამავდროულად ბედნიერი ვარ“ – ეს სიტყვები ერლინგ ჰალანდმა „სევილიასთან“ ჩემპიონთა ლიგის პლეიოფის განმეორებითი მატჩის შემდეგ წარმოთქვა.
დორტმუნდელებმა ესპანური გუნდი ასპარეზობას გამოთიშეს და 1/4 ფინალის საგზური მოიპოვეს. მატჩი ფრედ 2:2 დასრულდა, თუმცა „ბორუსიას“ სტუმრად 3:2 ჰქონდა მოგებული და მომდევნო ეტაპზეც დამსახურებულად გავიდნენ.
დორტმუნდელთა რიგებში ორივე გოლი ერლინგ ჰალანდმა გაიტანა და მორიგი უნიკალური რეკორდის ავტორიც შეიქნა. 20 წლის ნორვეგიელი ვუნდერკინდი გახდა პირველი ფეხბურთელი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ 4 მატჩში დუბლის შესრულება შეძლო.
თუმცა ამით ყველაფერი არ სრულდება. ჰალანდს ჩემპიონთა ლიგაზე უკვე 20 გატანილი გოლი მოუგროვდა და ეს კიდევ ერთი არაჩვეულებრივი მიღწევაა. ნორვეგიელი გახდა ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი, რომელმაც ამ მაჩვენებელს უწია. ჰალანდმა კილიან მბაპეს და ლიონელ მესის გადაასწრო.
ამას გარდა, ნორვეგიელ ფორვარდს ჩემპიონთა ლიგაზე ამ შედეგის დასაფიქსირებლად სხვებთან შედარებით ყველაზე ცოტა – 14 მატჩის გამართვა დასჭირდა.








