რაგბის კავშირის საარჩევნო ყრილობის ჩაშლის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი ირაკლი აბუსერიძემ გააკეთა.
ვეტერანი მორაგბის თქმით, მან და მისმა გუნდმა არჩევნები 30 დეკემბერს კანონიერი გზით მოიგო და საჯარო რეესტრის გადაწყვეტილება უსამართლოა.
„ჩვენ 30 დეკემბერს მოვიპოვეთ გამარჯვება ყველა კანონის დაცვით, რასაც შემდეგ მოყვა საჯარო რეესტრის არაკომპეტენტური გადაწყვეტილება. ისინი გვედავებოდნენ ფორსმაჟორში ჩატარებულ არჩევნებს, ეს კი არის სასამართლოს პრეროგატივა და არა საჯარო რეესტრის“, – ამბობს ირაკლი აბუსერიძე.
ვეტერანი მორაგბის განცხადებით, ის და მისი მხარდამჭერები ბრძოლას არ შეწყვეტენ.
„ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, იმიტომ რომ ქართული რაგბი არის აპოლიტიკური და უნდა დარჩეს აპოლიტიკურად. ზეწოლით ვერავინ ვერაფერს მიაღწევს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვიძახი. დღესაც მოხდა ისეთი ფაქტი, რომ საავადმყოფოში ადამიანი იმყოფებოდა და ძალით გააცემინეს მინდობილობა. ამ ყველაფერს, თითოეული კლუბის წარმომადგენელს, თითოეული კლუბის ინტერესს, თითოეულ ხმას დავიცავთ, იმიტომ რომ ქართული რაგბის წარმომადგენლებმა 30 დეკემბერს გამოხატეს თავისი ნება და უნდათ, რომ ეს ნება ამ ხალხს ჩამოართვან. ამას არ დავუშვებთ!“ – განაცხადა აბუსერიძემ.
შეგახსენებთ, რომ დღეს ავჭალის სარაგბო სტადიონზე რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გამართულიყო, თუმცა სხდომა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა.





