საქართველოს ნაკრებისა და „აპოელ ნიქოზიას“ ფეხბურთელის, თორნიკე ოქრიაშვილის ტრანსფერით ჩინური „შანგჟოუ ლიონს სიტი“ ინტერესდება. ინფორმაციას კვიპროსული მედია ავრცელებს.
ერთ-ერთი გამოცემის, goal.philenews.com-ის ცნობით, ჩინური კლუბის მთავარი მწვრთნელი სერბი სვეტოჟარ შაპურიჩია, რომელიც წლების განმავლობაში „აპოელში“ თამაშობდა და 2015/18 წლებში კლუბში სპორტული დირექტორის თანამდებობაც ეკავა. ქართველი ფეხბურთელის გადაბირებით სწორედ სერბი სპეციალისტია დაინტერესებული, რომელიც კვიპროსულ გუნდს უკვე დაუკავშირდა კიდეც.
თუმცა, ადგილობრივი მედია იმ გარემოებებზეც საუბრობს, რომელიც თორნიკე ოქრიაშვილისთვის ჩინეთში წასასვლელად ხელისშემშლელი იქნება. გამოცემები მთავარ მიზეზად ოჯახურ გარემოებებს ასახელებენ და წერენ, რომ ქართველი ფეხბურთელის ოჯახისთვის ჩინეთში საცხოვრებლად გადასვლა მიმზიდველი არაა.
შანგჟოუ ლიონს სიტიმ ჩინეთის ჩემპიონატში გასული სეზონი 16-გუნდიან ჩემპიონატში მე-11 ადგილზე დაასრულა.








