ესპანეთის თასის 1/4-ფინალში “ვალენსიამ” “კადისი” მძიმე ბრძოლაში 2:1 დაამარცხა, თუმცა მატჩში გიორგი მამარდაშვილს არ უთამაშია.
თამაშის დაწყებამდე ცნობილი ესპანური გამოცემები: Marca და AS წერდნენ, რომ “ვალენსიას” კარს 21 წლის ქართველი მეკარე დაიცავდა, მაგრამ მოლოდინი არ გამართლდა და ხოსე ბორდალასი ისევ ხაუმე დომენეკს ენდო.
შეხვედრის დასასრულების შემდეგ, ესპანელმა სპეციალისტმა მედიის წარმომადგენლებთან “ღამურების” მეკარეებზე ისაუბრა.
“მეკარეების შესახებ სადებატო არაფერია, ორივე გუნდის წევრია. დღეს ხაუმემ ითამაშა, ვნახოთ, კვირას რა იქნება. ყველა მოთამაშეს სურს, რომ გუნდს დაეხმაროს და თავისი წვლილი შეიტანოს. დღეს ხაუმე კარგი იყო, კინაღამ პენალტიც აიღო, თუმცა, ვარჯიშებზე გიორგიც ძალიან კარგად მუშაობს”, – განაცხადა ბორდალასმა.
შეგახსენებთ, რომ “ვალენსიამ” გიორგი მამარდაშვილი დეკემბრის ბოლოს “დინამო თბილისიდან” გამოისყიდა.





