საქართველოში, საფეხბურთო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ეროვნულ ლიგაში და ეროვნულ ლიგა 2-ში გუნდები ბოლო ტურის შეხვედრებს 3-4 დეკემბერს გამართავენ, რომლის შემდეგაც 2021 წლის სეზონი ოფიციალურად დასრულდება. ქვეყანას ახალი ჩემპიონიც ჰყავს – ბათუმის „დინამო“, რომელმაც ტრიუმფი გათამაშების დასრულებამდე 2 ტურით ადრე გაინაღდა.
რაც შეეხება ეროვნულ ლიგა 2-ს, რანგის მეორე დივიზიონის გამარჯვებული, ასევე ნაადრევად ბოლნისის „სიონი“ გახდა. ბოლნისელებს 35 ტურის შემდეგ 81 ქულა აქვთ დაგროვებული და უახლოეს მდევარს – „გაგრას“ 9 ქულით უსწრებენ. შესაბამისად, მომდევნო სეზონში გიორგი დარასელიას გუნდი უმაღლეს ლიგაში იასპარეზებს.
საგულისხმოა, რომ ბოლნისის „სიონი“ ეროვნულ ლიგა 2-ში 2019 წელს დაქვეითდა. გასულ სეზონში გუნდმა სატურნირო ცხრილში მე-7 ადგილი დაიკავა, წელს კი პირველ ადგილზე გასვლა მოახერხა.
„პრაიმ სპორტის“ გუნდი „სიონის“ ფეხბურთელს, ბექა გაბისკირიას დაუკავშირდა და ინტერვიუ ჩაწერა. ბექას როგორც ეროვნულ ლიგაზე, ისე კლუბის შესახებ და სამომავლო გეგმებზე ვესაუბრეთ.
– პირველ რიგში გილოცავთ ეროვნულ ლიგაში აღზევებას! როგორი განწყობაა გუნდში, რის ხარჯზე მიაღწიეთ აღნიშნულ წარმატებას?
– გუნდში ძალიან კარგი განწყობაა. ერთი ტურით ადრე ჩემპიონობა ოფიციალურად გავიფორმეთ, რაც სასიხარულოა. ერთი თამაში დაგვრჩა, რომლისთვისაც ისევ იმ განწყობით ვემზადებით, როგორც წინა მატჩებში. ჩემპიონობა ბიჭების პროფესიონალიზმა, ბრძოლამ და ერთიანობამ განაპირობა. კლუბში თამაშობენ ფეხბურთელები, რომლებსაც ქართულ ფეხბურთში დიდი გამოცდილება აქვთ.
– ეროვნული ლიგა 2-ის განვლილ სეზონს როგორ შეაფასებდით?
– საბოლოო ჯამში კარგი სეზონი გამოვიდა. ყველა გუნდი ნორმალურად იყო დაბალანსებული და ადვილი გასეირნება არცერთ მატჩში არ გვქონია. წელს გაცილებით ძლიერი გუნდი ვიყავით, რაც შედეგზეც აისახა. პლეიოფის თამაშებიც ძალიან საიტერესოო იქნება და ვფიქრობ, რომ ამ მატჩებში ეროვნული ლიგა 2-ის კლუბებს თანაბარი შანსი ექნებათ.
– როგორ დაახასიათებდით ბოლნისის სიონს და რა მიზნები აქვს გუნდს სამომავლოდ?
– ძალიან კარგი და მებრძოლი გუნდია, როგორც ფეხბურთელები, ასევე სამწვრთნელო შტაბი და კლუბის ხელმძღვანელობაც. რაც შეეხება სამომავლო მიზნებს ამის შესახებ ჯერჯერობით ვერაფერს ვიტყვი. ბოლნისის „სიონი“ ყოველთვის მაღალი მიზნებისთვის იბრძვის, რაც ყველა ფეხბურთელს გვაქვს გაანალიზებული.

– როგორ შეაფასებდით ეროვნული ლიგის დონეს?
– უმაღლეს ლიგაში გამოცდილი გუნდები არიან და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ყველა თამაშის ჩატარება ბუნებრივ საფარზე გიწევს. განვლილ სეზონს ძალიან დადებითად შევაფასებ. კარგი და დაძაბული გათამაშება გამოვიდა. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და ბათუმის „დინამოს“ გაჩემპიონება მივულოცო. ეს გუნდი მართლაც საუკეთესო ფორმაში იყო, რაც ლოგიკურად დამთავრდა და სანატრელი ჩემპიონობა მოიპოვა. ისინი ძალიან ლაღ და სწორ ფეხბურთს თამაშობენ.
– გიორგი დარასელიაზე რას იტყოდი. როგორ შეაფასებ კლუბში მის მუშაობას?
– ძალიან დადებითად შევაფასებ. მისი დამოკიდებულება ფეხბურთელების მიმართ შესანიშნავია. მან გუნდი იდეალურად მოამზადა და საბოლოოდ, ეს შედეგი მივიღეთ.
– კლუბის გამოკვეთილი ლიდერი მოედანზე ვინ არის?
– ასე კონკრეტულად ვერ გამოვყობ, მაგრამ წელს დათა სიჭინავას და თომა ტაბატაძეს იდელური სეზონი ჰქონდა.
– რას უნდა ველოდოთ „სიონისგან“ ეროვნულ ლიგაში?
– პირველ რიგში, პროგრამა მინიმუმი ალბათ მცირეხნიანი პაუზის შემდეგ ადგილის დამკვიდრება იქნება.
– როგორ დაახასიათები კლუბში შენი მოსვლის დღიდან „სიონში“ გატარებულ პერიოდს?
– ძალიან რთული გზა გამოვიარე. კლუბს მიზნად ჩემპიონობა ჰქონდა დასახული და ეს ყველაფერი იდეალურად გამოგვივიდა. ჩემს კარიერაში ალბათ ერთ-ერთი ყველაზე სასიამოვნო სეზონი გამოვიდა.
– რა არის კარიერული მიზანი?
– პირველ რიგში ეროვნულ ნაკრებში გამოძახება და შედარებით მაღალი დონის ჩემპიონატში თამაშია.
– რას ეტყოდით ბოლნისის „სიონის“ ქომაგებს?
– მინდა, მათ გვერდში დგომისთვის მადლობა გადავუხადო. ქომაგების მხრიდან მხურვალე ემოციები იგრძნობოდა და ვეცდებით ეროვნულ ლიგაშიც გავახაროთ მათი გულები.








