ეროვნული ლიგის ცენტრალური მატჩი უდავოდ „საბურთალოს“ და „ბათუმს“ შორის გაიმართა, თუმცა გულშემატკივართა იმედები ვერ გაამართლა, რადგან დიდად თვალსასეირო საყურებელი არ გამოდგა. გუნდები ერთმანეთს უგოლო ფრით გაეყარნენ.
„საბურთალოს“ ბოლო ხანს კრიზისული პერიოდი აქვს. წინა ტურში „დინამოსთან“ 3:4 წაგებულ მატჩს დიდი ვნებათაღელვა მოჰყვა. თბილისელთა მთავარმა მწვრთნელმა ლევან კორღალიძემ იმ მატჩის არბიტრი მკვახედ გააკრიტიკა და არც ის გამორიცხა საერთოდ ფეხბურთიდან წასულიყო.
კორღალიძე ჯერ კიდევ გუნდის მწვრთნელია, თუმცა „საბურთალოდან“ წავიდა ტარიელ ხეჩიკაშვილი. მან გუნდის დაფინანსება შეწყვიტა.
ამის ფონზე კი „ბათუმთან“ თუნდაც ქულის აღება „საბურთალოსთვის“ ურიგო შედეგად არ უნდა მივიჩნიოთ.
წინ სანაკრებო ბატალიები გველის. ეროვნული ლიგა კი მეხუთე ტურით 3 აპრილს განახდლება.





