გუშინ, ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალში „ვალენსია“ ბილბაოს „ატლეტიკს“ ესტუმრა და ფრედ, 1:1 ითამაშა. „ღამურების“ შემადგენლობაში ზედიზედ მეორედ ითამაშა გიორგი მამარდაშვილმა. ქართველი მეკარესთვის კოპა დელ რეიზე სადებიუტო შეხვედრა იყო, რომელიც გიორგიმ დამაჯერებლად ჩაატარა. მართალია „მამარდამ“ ერთი გოლი გაუშვა, მაგრამ აღნიშნულ ეპიზოდში მისი დადანაშაულება ყველაზე ნაკლებად შეიძლება.
ამის გარდა, იყო ერთი ეპიზოდი, სადაც ქართველ მეკარეს უკეთ მოქმედება მართებდა, მაგრამ საბედნიეროდ ყველაფერი მშვიდობიანად დასრულდა. საუბარია პირველ ნახევარში „ვალენსიას“ მცველის, დიახაბის პასზე, რომელიც მამარდაშვილის მიმართ იყო განკუთვნილი, თუმცა გადაცემა იმდენად უხერხული აღმოშნდა, რომ ქართველმა მეკარებ პასის გაკეთების მომენტში ბურთს ფეხი ააცილა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ავტორიტეტულმა ესპანურმა გამოცემა AS-მა მატჩის შეფასებითი ვრცელი სტატია გამოაქვეყნა, სადაც საუბარი გიორგი მამარდაშვილის შესახებაც იყო:
„ვეჭვობდით, რომ ბურთს ფეხში მიიღებდა, თუმცა დიახაბის მეტისმეტად ძლიერი პასის შემდეგ ბურთს ფეხი ააცილა, „ვალენსია“ გოლს სასწაულებრივად გადაურჩა… მაგრამ მამარდაშვილი კარგად მოქმედებდა, როგორც ჰაერში მაღალ ბურთზე, ასევე დაბალ ბურთზე, როცა მან ახლო მანძილიდან ინაკი უილიამსის ძლიერი დარტყმა მოიგერია“, – ნათქვამია სტატიაში.
ფინალში მოასპარეზე გუნდი 3 მარტს, ამჯერად უკვე „მესტალიაზე“ გაირკვევა. წყვილში გამარჯვებული კი ფინალურ შეხვედრაში „ბეტისსა“ და „რაიო ვალეკანოს“ შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.
ცნობისთვის, „ატლეტიკთან“ მატჩამდე გიორგი მამარდაშვილმა ლა ლიგაში, „რეალ სოსიედადის“ წინააღმდეგაც ითამაშა. აღნიშნული დაპირისპირება ფრედ, 0:0 დასრულდა.
VIDEO: ფრე ბილბაოში – მამარდაშვილმა ატლეტიკთან ერთი გოლი გაუშვა





