რთული პერიოდი უდგას „იუვენტუსს“ და უფრო შავ დღეში ალბათ ტურინელთა დამრიგებელი ანდრეა პირლოა.
„ბებერმა ქალბატონმა“ იტალიის ჩემპიონატის 35-ე ტურში, საკუთარ მოედანზე „მილანისგან“ მწარე ალიყური იწვნია და 0:3 წააგო. ამ მარცხით, ტურინულმა გრანდმა მომავალ სეზონში ჩემპიონთა ლიგაში ასპარეზობა კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა, რადგან 69 ქულით სატურნირო ცხრილში მეხუთე ადგილზე იმყოფება.
მიუხედავად ჩავარდნილი სეზონისა და „როსონერისთან“ განცდილი სამარცხვინო მარცხისა, „იუვენტუსის“ მთავარი მწვრთნელი ანდრეა პირლო თანამდებობიდან თავისი ნებით გადადგომას არ აპირებს.
„გადადგომაზე არ ვფიქრობ. ჩემს სამომავლო გეგმებში ეს ნაბიჯი არ შედის. მიუხედავად იმ სიძნელეებისა, რასაც ახლა განვიცდით, გუნდში ვრჩები და საქმიანობას ჩვეულებრივად განვაგრძობ.
იუვენტუსში მანამდე დავრჩები, სანამ კლუბის ხელმძღვანელობა მენდობა, ხოლო როდესაც კარისკენ მიმითითებენ მათ ნებას დავემორჩილები“ – აღნიშნავს ანდრეა პირლო.





