ვალენსიაში გიორგი მამარდაშვილის წარმატებულ დებიუტს ესპანური კლუბის ლეგენდარული მეკარე ხოსე მანუელ სემპერე გამოეხმაურა და ქართველი გოლკიპერის თამაშს მაღალი შეფასება მისცა.სემპერე “ვალენსიას” ღირსებას 1979-1995 წლებში იცავდა.
“მამარდაშვილს ისეთი თვისებები გააჩნია, რომლებიც საშუალებას იძლევა, მასზე აქცენტი სამომავლოდაც გაკეთდეს. ხეტაფესთან მატჩში ის ძალიან მშვიდად მოქმედებდა. ერთი შეხედვით ისე სჩანდა, თითქოს ლა ლიგაში დიდხანს მოთამაშე მეკარეს ვუყურებდით, არადა, მას ხომ დებიუტი ჰქონდა. კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ შესაძლოა, ენა არ იცოდე, თუმცა, თანაგუნდელებთან საჭირო კომუნიკაციას ახერხებდე. მამარდაშვილი ცენტრალურ მცველებთან პაულისტასთანა და ალდერეტესთან შეთანხმებულად მოქმედებდა. განსაკუთრებით გამოვარჩევ იმ მომენტს, რომდესაც მან დაბალ მარჯვენა კუთხეში დარტყმული ბურთი მოიგერია. მაღალ მეკარეებს ასეთ მომენტებში ყოჩაღობა ძალიან უჭირთ, თუმცა, მამარდაშვილმა ნამდვილად გამაოცა. ახალგაზრდა ბიჭია და პროგრესისთვის კიდევ დიდი არეალი აქვს. ახლა, სილესენიც გამოჯანმრთელდა და ბორდალასს რთული გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. რჩევის მიცემა მეც გამიჭირდება, თუმცა, ვფიქრობ, რომ თუკი რაღაც კარგად მუშაობს, სჯობს, ის არ შევცვალოთ. ასეთია ფეხბურთი”.
შეგახსენებთ, რომ გიორგი მამარდაშვილი ვალენსიას 1-წლიანი იჯარით შეუერთდა. 20 წლის ქართველმა მეკარემ ჩინებულად ითამაშა ხეტაფესთან, გიორგიმ 4 სეივი მიითვალა, კარი მშრალად შეინახა და მოედანზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.





