რაგბის კავშირის გარშემო განვითარებულ მოვლენებს ვეტერანი მორაგბე, ლევან ღვაბერიძე ეხმაურება. ვეტერანი სპორტსმენი მწუხარებას გამოთქვამს არსებული მდგომარეობის გამო და იმედოვნებს, რომ ქართულ რაგბში არსებული დაპირისპირება მალე აღმოიფხვრება.
„რაგბში არსებული დღევანდელი მდგომარეობა ძალიან გულდასაწყვეტია და მიუღებელია ის განწყობა და ურთიერთობის ფორმები, რაც ბოლო დროს ჩამოყალიბდა. ეს არ არის დაპირისპირება, უბრალოდ მხარეები სხვადასხვაგვარად ხედავენ განვითარების გზებს და რაც მალე გამთლიანდება ეს მცირედი ბზარი, მით უკეთესი იქნება რაგბის წინსვლისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ყველამ სწორად დაინახოს რეალობა“, – აცხადებს ლევან ღვაბერიძე.
როგორც ღვაბერიძე ამბობს, ის კარგად იცნობს ორივე მხარეს, როგორც ირაკლი აბუსერიძეს, ისე სოსო ტყემალაძეს. თუმცა მიიჩნევს, რომ დღეს ქართული რაგბისთვის საუკეთესო არჩევანი სოსო ტყემალაძე იქნება.
„მე ირაკლი აბუსერიძესაც და სოსო ტყემალაძესაც ძალიან კარგად ვიცნობ. ირაკლის, როგორც სპორტსმენს, ქართული რაგბისთვის ძალიან ბევრი კარგი აქვს ნაკეთები და ეს დასაფასებელია. ამავდროულად, სოსოს 25 წელია ვიცნობ, ის ჩვენი დიდი გულშემატკივარია და რაგბი ძალიან კარგად ესმის. მისი მენეჯერული თვისებები ირაკლისას ბევრად აღემატება და პრიორიტეტს ამიტომაც ვანიჭებ. რაგბის კავშირს სწორი მენეჯმენტი სჭირდება და მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე სოსო საუკეთესო არჩევანია. ერთია მოედანი და მეორე მართვა, რასაც გამოცდილება, ცოდნა და რესურსი სჭირდება“, – განმარტავს ღვაბერიძე.
ვეტერან მორაგბეს მაგალითად ევროპული გამოცდილება მოჰყავს, რომლის მიხედვითაც, სხვადასხვა ტოპ-კლუბებს სათავეში ისეთი ადამიანები ჩაუდგნენ, რომლებსაც რაგბი არ ჰქონდათ ნათამაშები, თუმცა მათმა მენეჯერულმა უნარჩვევებმა აღნიშნული კლუბები უმაღლეს საფეხურზე აიყვანეს.
„საერთაშორისო რაგბში წარმატებული მენეჯმენტის ბევრი მაგალითი არსებობს. ფრანგული კლუბების 80%-ს გამოცდილი მენეჯერები მართავენ, რომლებიც მორაგბეები არასდროს ყოფილან – „სტად ფრანსე“, „რასინგი“, „ლიონი“, „მონპელიე“, „ტულონი“… ყველამ იცის „ტულონის“ ყოფილი პრეზიდენტი მურად ბუჯელალი, რომელმაც გუნდი სულ სხვა სიმაღლეებზე აიყვანა და ბევრად უფრო ძლიერი გახადა, ვიდრე ოდესმე ყოფილა. ბუჯელალის პერიოდში „ტულონი“ ერთადერთი კლუბი იყო საფრანგეთში, რომელიც წლის ბოლოს ფინანსურ მოგებაში გადიოდა. მისი წასვლის შემდეგ, კლუბის დღევანდელ პრეზიდენტ ბერნარდ ლემეტღისაც არასდროს უთამაშია რაგბი.
ვფიქრობ, ამაში ცუდი არაფერია. ეს ადამიანები იმიტომ ჩაუდგნენ კლუბებს სათავეში, რომ რაგბის მიმართ დიდი სიყვარული და მართვის საუკეთესო უნარები აქვთ. მოედ ალტრადმა არა მხოლოდ „მონპელიეში“, არამედ ზოგადად რაგბში ძალიან დიდი ფული დააბანდა და ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია, თუმცა რაგბი არც მას უთამაშია. ბევრი მაგალითის მოყვანა შეიძლება და ამ საკითხს სწორი კუთხით უნდა შევხედოთ. მართველ ჯგუფში, გამგეობაში, აუცილებლად უნდა იყვნენ ყოფილი მორაგბეები, თუმცა სულაც არაა აუცილებელი მენეჯმენტის სათავეში ვეტერანი მორაგბე იყოს. პირიქით, პროფესიონალი მენეჯერის გვერდით ყველა უნდა გაერთიანდეს, ვისაც რაგბი უყვარს და ერთად უნდა გავუძღვეთ ჩვენს საყვარელ საქმეს“, – ამბობს ლევან ღვაბერიძე.
ვეტერანი სპორტსმენი სხვადასხვა წლების განმავლობაში საფრანგეთის ტოპ 14-ში თამაშობდა, იცავდა საქართველოს ახალგაზრდული და ეროვნული ნაკრებების ღირსებას, 2009 წლიდან კი სპორტული აგენტის საქმიანობას ეწევა. ამავდროულად, ლევან ღვაბერიძე 2018 წლიდან ევროპაში საქართველოს რაგბის კავშირის წარმომადგენელია.
შეგახსენებთ, რომ 30 დეკემბერს გამართულ რაგბის კავშირის საპრეზიდენტო არჩევნებში ირაკლი აბუსერიძემ გაიმარჯვა, თუმცა საჯარო რეესტრმა ვეტერან მორაგბეს პრეზიდენტად რეგისტრაცია შეუჩერა. მიზეზად დარღვევებით ჩატარებული ყრილობა დასახელდა.
რაგბის კავშირის გამგეობამ ხელახალი არჩევნები 24 თებერვალს დანიშნა და კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად ერთადერთი კანდიდატი, იოსებ ტყემალაძე დარეგისტრირდა. აღნიშნული სხდომა საკმარისი კვორუმის არარსებობის გამო ვერ შედგა, რის გამოც, გამგეობას ხელახალი არჩევნების დანიშვნა 10-დან 30 დღის ვადაში მოუწევს.








