მიუნხენის “ბაიერნთან” მატჩის წინ კატალონიის “ბარსელონას” კაპიტანმა სერხიო ბუსკეტსმა პრესკონფერენცია გამართა:
“ძალიან ძლიერი მეტოქე გვყავს. პირველი გოლის გატანა მნიშვნელოვანი იქნება, თუმცა ჩვენ წინააღმდეგ მაღალი დონის გუნდი ითამაშებს. ვაპირებთ, ჩვენი თამაში ვითამაშოთ.
შესაძლოა, კუმანსა და ლაპორტას ერთმანეთთან საუბარი მართებთ. ჩვენ ყველას კლუბისთვის მხოლოდ საუკეთესო გვსურს. თუ მათ ერთმანეთთან პრობლემა აქვთ, უნდა ისაუბრონ, თუმცა არ მგონია, ასე იყოს.
მემფისმა ძალიან კარგად დაიწყო. ის გუნდს გოლებით, ასისტებითა და სხვა საქმით ეხმარება. მას გულშემატკივრებთან ძალიან კარგი ურთიერთობა აქვს და ეს შესანიშნავია. მემფისი ძალიან გახსნილია ადამიანია. ის მის გარშემო კარგი ატმოსფეროს შექმნას ცდილობს. ასეთი მოთამაშეების გუნდში ყოფნა ყოველთვის მისასალმებელია.
ფეხბურთში ყველაფერი შეიძლება მოხდეს. გასული სეზონის დასაწყისში “ჩელსი” ჩემპიონთა ლიგის ფავორიტი არ იყო, მაგრამ საბოლოოდ ამ გუნდმა ეს ტურნირი მოიგო.
ვიცით, რომ მესი აღარ გვყავს, მაგრამ ჩვენსაც მაინც შევეცდებით. ახალი ერა იწყება, წინ კი რთული თამაში გველის. არსებული სირთულეების გვესმის, მაგრამ გვინდა, ძლიერ გუნდად ჩამოვყალიბდეთ, რაც დამატებით მოტივაციას გვაძლევს.
რამდენიმე ტაქტიკური მონახაზის არსებობა კარგია. რაც ნაკლებად პროგნოზირებადი ვიქნებით, მით უკეთესი.
“ბაიერნთან” 2-8 წაგება რთული იყო, მაგრამ ასეთია ფეხბურთი.
რა თქმა უნდა, კუმანისა და მისი სამწვრთნელო შტაბის გვჯერა. რთული მდგომარეობიდან გამოვდივართ, რაც არაერთ ცვლილებას იწვევს. ჩვენ ყოველთვის ერთი მიმართულებით მივდივართ. “ – განაცხადა სერხიო ბუსკეტსმა
მედიის კითხვებს ბლაუგრანას მთავარმა მწვრთნელმა რონალდ კუმანმაც უპასუხა:
“ბაიერნი” გამოცდილი გუნდია და რთული თამაში გველის. ვიცით, რომ მეტოქე მაღალი დონისაა, ძლიერი ინდივიდუალისტებით, მაგრამ გვინდა, რომ ჩემპიონთა ლიგის საშინაო მატჩში კონკურენტუნარიანები ვიყოთ. შევეცდებით, ტურნირი კარგი შედეგით დავიწყოთ.
გუნდში ცვლილებები მოხდა და დრო გვჭირდება, მაგრამ ფეხბურთი დროს არ გვაძლევს. წინ კარგი თამაში გველის, რომლიდანაც სასარგებლო დასკვნები უნდა გამოვიტანოთ.
ლაპორტასთან ჩემი ურთიერთობა შესანიშნავია. იყო მცირე დეტალები, რაზეც ვისაუბრეთ, მაგრამ ჩვენი ყველას მიზანი კლუბისთვის საუკეთესოს გაკეთებაა. კლუბი ყველაზე მნიშვნელოვანი რამაა.
8-2 ორი სეზონის წინ იყო. ის ღამე ფეხბურთელებმა ძალიან განიცადეს. ამ თამაშისთვის კარგად უნდა მოვემზადოთ და მოედანზე ძლიერი გუნდი გამოვიყვანოთ. გუნდი ფიზიკურად ძალიან კარგად გამოიყურება და ამ თამაშისთვის მზად ვართ. შეგვიძლია, “ბაიერნს” ზიანი მივაყენოთ.
ვერ გეტყვით, ვართ თუ არა ჩემპიონთა ლიგის მოგების ფავორიტთა შორის. ხვალ ვხვდებით გუნდს, რომელიც ყველა ტურნირის მოგებისთვის იბრძვის. თავი კარგად უნდა დავიცვათ და თავისუფალი სივრცეები ვეძებოთ.
მე ვარ მწვრთნელი, რომელიც ახალგაზრდებს შანსს აძლევს და ეს ყველამ უნდა გაიგოს. არ ვიცი, სხვა მწვრთნელი იმავეს თუ გააკეთებდა. გარკვეულ მიმართულებებს ვაუმჯობესებთ და ერთ-ერთი ახალგაზრდებისთვის შანსის მიცემაა, რადგან ისინი “ბარსელონას” მომავალს წარმოადგენენ.
ტყუილია, რომ ჩემი კონტრაქტის გახანგრძლივებისთვის გარკვეული პირობები არსებობს. ამ საკითხზე საუბარი არ მსურს. ეს თემა ამჟამად აქტუალური არაა. ხვალინდელი თამაში უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე კლუბში ჩემი მომავალი.
თუ ხვალინდელ მატჩში ბურთს სახიფათო მონაკვეთში დავკარგავთ, მეტოქე ზიანს მოგვაყენებს, რადგან გერმანელებს ძალიან სწრაფი და სახიფათო მოთამაშეები ჰყავთ. ბურთი დაცვიდან კარგად უნდა ამოვიტანოთ, შევუტიოთ და თითოეულ მონაკვეთში უპირატესობის მოპოვებას შევეცადოთ.
კოუტინიო თავს ყოველდღიურად უკეთ გრძნობს. ახლა მას სათამაშო პრაქტიკა ჭირდება. ფიზიკურად კარგადაა მომზადებული ლუკ დე იონგიც.“ – განაცხადა რონალდ კუმანმა





