ნიდერლანდების ქალაქ როტერდამში დაწყებულ „ტოკიო 2020“-ის სალიცენზიო ტურნირზე წყალბურთში, სხვებთან ერთად საქართველოს ნაკრებიც მონაწილეობს. ტურნირზე 12 გუნდს უნდა ეთამაშა, თუმცა უკვე დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ მას თურქეთის ნაკრების სახით ერთი უკვე გამოაკლდა.
საქართველოს ნაკრები, რომელმაც ტურნირის სტარტზე მრისხანე საბერძნეთის ნაკრებთან ერთი ბურთის სხვაობით (10:11) დასანანად წააგო, ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში სწორედ თურქებთან უნდა ეთამაშა, თუმცა ეს მატჩი აღარ გაიმართება და ისევე როგორც ჩვენ გუნდს, ასევე ჯგუფის ყველა წევრს მათთან მოგება ჩაეთვლება.
საქმე იმაში გახლავთ, რომ თურქეთის ნაკრების 4 წყალბურთელს კორონავირუსი დაუდასტურდათ, რის გამოც ორგანიზატორებმა პრევენციის მიზნით გადაწყვიტეს გუნდი ტურნირიდან მოეხსნა.
საქართველოს ნაკრები, მომდევნო მატჩს 16 თებერვალს კანადის წინააღმდეგ გამართავს, რომელმაც თავის მხრივ პირველ ტურში ბრაზილიას 11:7 მოუგო.
შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადის საგზურს სალიცენზიო ტურნირში მონაწლე 11 გუნდიდან მხოლოდ 3 მოიპოვებს.





