ჩემპიონობა სისხლში აქვთო სწორედ ბექაურებზეა ნათქვამი. თურქეთის ქალაქ კაჰრამანმარასში, გამართულ შილვარის ჭიდაობის მსოფლიოს ჩემპიონატზე, 21 წლის მოჭიდავე, მიხეილ ბექაური ოქროს მედლის მფოლობელი გახდა.
ცნობისთვის, მიხეილ ბექაური ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა ბექაურის ბიძაშვილია და ამავდროულად, საქართველოს ძიუდოს ნაკრების შემადგენლობაშიც გვევლინება. 21 წლის ძიუდოისტს იუნიორთა შორის არაერთი წარმატებისთვის აქვს მიღწეული. მიხეილ ბექაური ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის ბრინჯაოს და კადეტთა კონტინენტის ჩემპიონატის ვერცხლის მედალოსანი გახლავთ.
შილვარის სახეობაში, მსოფლიო ჩემპიონობის მოპოვების შემდეგ მიხეილ ბექაურმა შთაბეჭდილებები „პრაიმ სპორტის“ გუნდს გაუზიარა.
– გილოცავთ გამარჯვებას, როგორ შეაფასებდი შენს მიერ ჩატარებულ ტურნირს?
– მადლობა ყურადღებისთვის. ეს ტურნირი საკმაოდ საინტერესო იყო თავისი ინდივიდუალურობიდან გამომდინარე. მსოფლიოს ჩემპიონატს უმნიშვნელოს ნამდვილად ვერ ვუწოდებ.
– შემართება როგორი იყო?
– განწყობა საბრძოლო იყო, როგორც ყოველთვის, მაგრამ ამ ყველაფერს დაერთო ის ფაქტიც, რომ გახნის ღონისძიებაზე მსოფლიო ჩემპიონატზე მონაწილე 50 ქვეყნის დროშა გამოიტანეს, სადაც საქართველოს დროშა საერთოდ არ იყო. ეს ძალიან გულდასაწყვეტი იყო ჩემთვის და რაც შემეძლო, იყო ის, რომ ჩემი სამშობლოსთვის, საქართველოსთვის ბოლომდე მებრძოლა და დაენახა ყველას, თუ რა შეგვიძლია ქართველებს. უფლის წყალობით, ყველაფერმა კარგად ჩაიარა და როგორც ვიცი, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ სახეობაში საქართველოს პირველი ოქროს მედალი მოვუტანე.
– ქართველ გულშემატკივარს, რომ განუმარტო რა არის შილვარის ჭიდაობა და რით განსხვავდება ძიუდოსგან?
– ყველაზე დიდი განსხვავება ის არის, რომ შეუიარაღებელი თვალითაც ჩანს რადიკარულად განსხვავებული სახეობა რომ არის, ფორმითაც. ეს ტრადიციული სახეობაა, ძალიან ძველი ჭიდაობა, ისევე როგორც ჩვენი ქართული ჭიდაობა. უბრალოდ პოპულარიზაციის მხრივ განსხვავდება, რადგან ბევრად უფრო მაღალ მასშტაბებზე არიან გასულები, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატებს ატარებენ. ძიუდოსა და შილვარს შორის განსხვავება რა თქმა უნდა ფორმით სტილით არის, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ჩვენ ძიუდოისტებს გვეხმარება არის ის, რომ შესაძლებელია ქამრიდან ჭიდაობა, მოგეხსენებათ ეს ქართველებისთვის უცხო არ არის. შეჯიბრში იღებდნენ მონაწილეობას ისეთი ქვეყნები, როგორიცაა გერმანია, რუსეთი, უკრაინა და კიდევ ბევრი. ეს სახეობა კი ძალიან საინტერესოა თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე.
– ფინალურ შეხვედრაზე რომ ისაუბრო…
– საკმაოდ ძლიერ და წარმატებულ თურქ მოჭიდავესთან მომიწია დაპირისპირება. რა თქმა უნდა, დარბაზიდან ემოციური მუხტი ძალიან დიდი იყო და ამისთვის მზად ვიყავი. ვიცოდი, რომ გამარჯვება შემეძლო, თუმცა საწყის ეტაპზე რამდენიმე ქულით ჩამოვრჩი. შეხვედრის მიწურულს კი სუფთა გდებით გავიმარჯვე და ძალიან სასიამოვნო იყო ეს ყველაფერი, რადგან როგორც გითხარით, არც ისე კარგი განწყობა იყო ქართველების მიმართ და ჩემი ვალი იყო დაენახა ყველას, რომ ბრძოლაში ქართველები უკან არ იხევენ.
– ძიუდოთი რამდენი წლის ასაკში დაინტერესდი?
– ძიუდოში 12 წლის ასაკიდან ვარ. ალბათ ამ ასაკში არ მიფიქრია ამ ყველაფერზე, უბრალოდ ოჯახში ჭიდაობის ტრადიცია იყო, მე კი ძიუდო ავირჩიე, თუმცა მალევე მივხვდი, რომ ეს ის სფერო იყო, სადაც მთელ ჩემს რესურს გამოვიყენებდი. პატრიოტი ვარ და ყოველთვის ვფიქრობდი რისი გაკეთება შემეძლო საქართველოსთვის. ამ კითხვაზე პასუხი კი ძიუდოში ვიპოვე, ყველაზე მეტად ეს მხიბლავს.
– შენთვის მისაბაძი ქართველი ძიუდოისტი?
– საქართველოში უამრავი ძიუდოისტია, ამ მხრივ ახალ თაობას ძალიან გაგვიმართლა. საშუალება გაქვს მსოფლიოში წამყვან ძიუდოისტებთან ერთად ივარჯიშო, ისეთ ცოცხალ ლეგენდებთან, როგორებიც არიან ლაშა შავდათუაშვილი, გურამ თუშიშვილი, ვარლამ ლიპარტელიანი და კიდევ უამრავი სხვა. ამ ბიჭებით ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი და ჩემთვის პატივია მათთან ერთად იმ სივრცეში ყოფნა, რასაც ტატამი ჰქვია. დიდი პატივისცემა ამ ადამიანებს ჩემგან.
– ლაშა ბექაური შენი ბიძაშვილია, როგორ შეაფასებდი მის კარიერას?
– დიახ მე და ლაშა ბიძაშვილები ვართ. პირველ რიგში ვიტყოდი, რომ ლაშა ძალიან კარგი ადამიანია. რაც შეხება მის კარიერას, ის უდაოდ საოცარი მებრძოლია და შედეგებიც ამაზე მეტყველებს. წარმატებებს ვუსურვებ მას ყველა ბრძოლაში.
– უახლოეს მომავალში რა მიზნები გაქვს?
– ვაგრძელებ სრული დატვირთვით ვარჯიშს, რომ ღირსეულად წარვსდგე შემდგომ შეჯიბრებზე.
– პროექტ 2020-ს როგორ შეაფასებდი?
– პროექტი 2020 იყო ის, რამაც ქართული ძიუდო სრულიად შეცვალა. ალბათ ეს უცხო თვალითაც კარგად ჩანს. სრულიად განსხვავებული მიდგომა და ბრძოლა იმ იდეისთვის, რასაც საქართველოს დიდება ჰქვია, ეს გვაერთიანებდა ყველას და დღემდე გვაერთიანებს.
– რა არის შენი ოცნება?
– ჩემი ყველაზე დიდი ოცნებაა, რომ რაც მაქვს როდესაც ყველაფერი დასრულდება და უკან მოვიხედავ, არ მინდა იყოს რაიმე, რაც უნდა გამეკეთებინა და არ გავაკეთე. ამ დღემდე მინდა ყველაფერი გავაკეთო, რომ ეს შეგრძნება არ დამეუფლოს.








