27 თებერვალს, საქართველოს მორაგბეთა ნაკრები “დინამო არენაზე” რუსეთის მორაგბეთა ნაკრებს უმასპინძლებს.
შეხვედრამდე რამდენიმე დღით ადრე, რუსეთის მორაგბეთა ნაკრების წევრმა, ნიკოლოზ ნარმანიამ rugger.info-სთან განაცხადა, რომ ის საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ითამაშებს.
“რუსეთის ნაკრებში თამაში დიდი პატივი და გამოცდილებაა. ჩემს მიმართ კარგი დამოკიდებულება ვიგრძენი. ვარჯიშებზე ყველა ერთმანეთს ეხმარება, რაც სასიხარულოა. ესპანეთთან შეხვედრის წინ ვნერვიულობდი, მაგრამ როცა მოედანზე შევედი, ნერვიულობა გამიქრა.
ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ არ ვითამაშებ. ფსიქოლოგიურად, არ შემიძლია საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ ვითამაშო. დარწმუნებული ვარ, ჩვენი გუნდი კარგად მოემზადება და კარგ მატჩს ჩაატარებს. დიდი მიზნები გვაქვს, რისთვისაც დრო გვჭირდება”, – ამბობს ნარმანია.
ახალგაზრდა მორაგბე ფრანგული “კარკასონში” ასპარეზობს. ნარმანია 2019-2020 წლებში თბილისის “არმაზში” გამოდიოდა და ასევე, საქართველოს 20-წლამდე ნაკრების წევრიც იყო.








