კვიპროსის ჩემპიონატის მე-5 ტურში “ანორთოსისმა” “აპოელს” უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში 2:1 დაამარცხა.
აღსანიშნავია, რომ მატჩში ანგარიში “აპოელის’ ფეხბურთელმა გიორგი ქვილითაიამ გახსნა, რომელიც მოედანზე კაპიტნის სამკლაურით იყო. გიორგიმ “აპოელში” ოფიციალურ მატჩში პირველად გაიტანა, მაგრამ მისმა გუნდმა უპირატესობა ვერ შეინარჩუნა და წააგო.
მატჩის შემდეგ “ანორთოსისის” მთავარმა მწვრთნელმა თემურ ქეცბაიამ კომენტარი გააკეთა.
“ძალიან ვამაყობ ჩემი ფეხბურთელებით, რადგანაც რთული კვირა გვქონდა. ჩემს გუნდს გამარჯვება უფრო მეტად სურდა. მადლობა გულშემატკივრებს, რომლებიც ჩვენს გვერდით იდგნენ. დღეს ფეხბურთელებმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს, რომ კვირაში ორი მატჩის ჩატარების პრობლემა არ გვაქვს. წინ კიდევ ერთი ნაბიჯი გადავდგით, მაგრამ გზა გრძელია. ფეხბურთელებმა ყველაფერი გააკეთეს და მოვიგეთ, ჩვენი მთავარი მიზანი კი ჩემპიონობაა. აპოელის ქართველი ფეხბურთელები? პრობლემა არ მაქვს, არანაირი პრეტენზია. დღეს ვისაუბრეთ და სხვა დღეებშიც ვსაუბრობთ. ჩვენ ვერ დავაკმაყოფილეთ მათი მოთხოვნები და ისინი აპოელში წავიდნენ. ფეხბურთი ასეთია და წარმატებებს ვუსურვებ”, – აღნიშნა თემურ ქეცბაიამ.
“ანორთოსისს” 4 თამაში აქვს ჩატარებული, 6 ქულა მოიპოვა და მე-8 ადგილზეა, 17 ოქტომბერს კი, “აელს” დაუპირისპირდება.








