საქართველოს არაერთი საერთაშორისო შეჯიბრის მასპინძლობის გამოცდილება აქვს. ევროპის ჩემპიონატები ძუდოში, ჭიდაობაში, ძალოსნობაში, ფრენბურთში, ასევე მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ხელბურთში და ა.შ. რომ აღარაფერი ვთქვათ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე და უეფას სუპერთასის ფინალზე, რომელშიც დინამო არენაზე ბარსელონამ და სევილიამ ნამდვილი თრილერი დადგეს. 2022 წელს, თბილისში, თანამასპინძლებთან ერთად სულაც ევრობასკეტის ერთი ჯგუფის მატჩებიც გაიმართება.

ასე რომ, მნიშვნელოვანი ტურნირების მასპინძლობის მხრივ გამოცდილების ნაკლებობას ნამდვილად არ ვუჩივით. ველოდითო ვერ ვიტყვით, მაგრამ უეფას 3 დეკემბრის აღმასკომის სხდომამ სიურპრიზი კი მოგვიწყო, როდესაც რუმინეთთან ერთად 21 წლამდე ახალგაზრდული ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობა გვარგუნა. თბილისში, ფოთსა და ბათუმში, ბურთს 16 საუკეთესო გუნდის ფეხბურთელები გააგორებენ, რაც პატარა ამბავი სულაც არ არის. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაკრები, როგორც ერთ-ერთი მასპინძელი ტურნირში შესარჩევი ეტაპის გავლის გარეშე ითამაშებს.
ამ სასიამოვნო ამბავს, საქართველოს ნაკრების ყოფილი ფორვარდი და ჯერ-ჯერობით ყველაზე მეტი გოლის გამტანი შოთა არველაძე გამოეხმაურა.
„ძალიან სასიხარულოა ევროპის 21 წლამდე ჩემპიონატის მასპინძლობა და ჩვენი გუნდის ამ ტურნირზე ავტომატურად მონაწილეობა. ასეთი ტურნირის საქართველოში ჩატარება საამაყოა, განსაკუთრებით იმ ქალაქებისთვის, სადაც ფინალური ეტაპის მატჩები შედგება. მინდა უეფას გადაწყვეტილება ბათუმს და ბათუმელებს განსაკუთრებით მივულოცო. ამდენწლიანი ლოდინის შემდეგ, ბათუმმა ნამდვილად დაიმსახურა საფეხბურთო ზეიმი და ევროპის ჩემპიონატის ფინალის მასპინძელი ქალაქის სტატუსი. სუპერ თასისა და ევროპის 19 წლამდე ჩემპიონატის შესანიშნავი ორგანიზების შემდეგ, უეფამ ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ჩვენს ქვეყანას და ფეხბურთის ფედერაციას დამსახურებულად მიანიჭა. დარწმუნებული ვარ, ის ფეხბურთელები ვინც ევროპის ჩემპიონატზე, საქართველოს სახელით ითამაშებენ, კიდევ უფრო მაღალ დონეზე მოახერხებენ თავის დამკვიდრებას და საკუთარი კარიერის განვითარებას“ – ამბობს უზბეკური „ფახთაქორის“ მთავარი მწვრთნელი.








