თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევის ფაქტზე დაკავებულ ოლიმპიურ ჩემპიონს, ზურაბ ზვიადაურს და მის ნათესავს, ჯაბა ჯანგირაშვილს, ბრალს ხვალ წაუყენებენ. ამის შესახებ ადვოკატმა, მაგდა კოტრიკაძემ განაცხადა.
კოტრიკაძის განმარტებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფები დუმილის უფლებას იყენებენ.
„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალს ხვალ წაუყენებენ. მაშინ, როდესაც სრულად არ არიან მოწმეები გამოკითხული და მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები, არ მიმაჩნია სწორად საქმის დეტალებზე ღიად საუბარი. ბრალის წარდგენა ჯერ არ მომხდარა. რაც შეეხება საქმის დეტალებს, ვერ მოგახსენებთ, რადგან მიმდინარეობს გამოძიება და რაიმე ინფორმაცია შემდეგში შეიძლება გამოყენებული იქნეს დაცვის მხარის წინააღმდეგ“, – განცხადა მაგდა კოტრიკაძემ.
შეგახსენებთ, სისხლიანი დაპირისპირება, სოფელ წინანდალში, 16 აგვისტოს მოხდა. წინასწარი ინფორმაციით, გარჩევა ბიზნეს-ინტერესებს უკავშირდება.
გარდაცვლილია სამი და დაჭრილია ორი პირი. გარდაცვლილებს შორის, ოლიმპიური ჩემპიონის და პარლამენტის ყოფილი დეპუტატის ძმა, ზვიად ზვიადაურიცაა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.
წყარო: PrimeTime.ge
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი





