ახლახანს, ბელგრადმა ბერძულ-რომაულ ჭიდაობაში მსოფლიო თასს უმასპინძლა. სერბეთის დედაქალაქში საქართველოს ნაკრები არ მონაწილეობდა, მაგრამ ბელგრადში გაშლილ საჭიდაო ხალიჩაზე ერთმა ქართველმა მაინც იყოჩაღა. უფრო სწორად, უკვე სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილმა (87კგ), რომელმაც ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
ზურაბ დათუნაშვილმა მხარდაჭერისთვის გულშემატკივრებს მადლობა ოფიციალური მიმართვით გადაუხადა.
„ყველას ძალიან დიდი მადლობა მოლოცვისთვის და გულშემატკივრობისთვის. ჩემთვის თითოეული თქვენგანის თანადგომა და მოლოცვა მნიშვნელოვანია.
ბუნებრივია, ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის მედალი, მით უმეტეს ამდენი პრობლემის შემდეგ, ჩემთვის ძალიან სასიხარულოა, თუმცა ორმაგად ბედნიერი ვიქნებოდი, ის საქართველოს ეკუთვნოდეს. მაგრამ რას ვიზამთ, ამჯერად ეს მედალი სერბეთს უნდა მივულოცოთ, ჩემთვის ერთ დროს უცხო ქვეყანას, რომელიც ძალიან რთულ მდგომარეობაში დამეხმარა და მენდო, მადლობა მათ ამისთვის და იმედია, მომავალში უფრო მეტად შევძლებ ამ ნდობის გამართლებას“ – აღნიშნა დათუნაშვილმა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.








