ესპანეთის ჩემპიონატის მორიგ ტურში მადრიდის „რეალმა“ შინაურ კედლებში „ვალენსიას“ უმასპინძლა და ზედმეტი დაძაბულობი გარეშე 2:0 მოუგო.
სამეფო გუნდი, სატურნირო ცხრილში 49 ქულით მეორე ადგილზე დამკვიდრდა და ლიდერ „ატლეტიკოს“ 5 ქულით ჩამორჩება, თუმცა ისიც სათქმელია, რომ დიეგო სიმეონეს გუნდს ორი თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული.
მატჩის შემდეგ კმაყოფილი ჩანდა „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.
„გამარჯვება ყოველთვის სასიამოვნო და სასიხარულოა. აშკარად ჩანს, რომ ახლა უკეთეს ფორმაში ვიმყოფებით, რაც თამაშის ხარისხზეც აისახება. როგორც დაცვაში, ასევე შეტევით ფაზაში მოწოდების სიმაღლეზე ვიყავით. ეს იმას ნიშნავს, რომ საკუთარი თავის გვწამს და გვჯერა.
ვფიქრობ სწორ გზაზე ვდგავართ. ჩემპიონობისთვის ბრძოლა რეალურია. წინ კიდევ არაერთი დაპირისპირება გველის“ – აღნიშნავს ზინედინ ზიდანი.





