ლა-ლიგის 25-ე ტურში „რეალმა“ მნიშვნელოვანი ქულები დაკარგა. სამეფო გუნდი საკუთარ მოედანზე „სოსიედადს“ დაუზავდა – 1:1.
ის კი არა, მადრიდელებმა კინაღამ წააგეს. ზიდანის შეგირდები მარცხს ბოლო წუთზე ვინისისუსის გატანილმა გოლმა გადაარჩინა.
რა თქმა უნდა, შედეგით მთლად კმაყოფილი არ ჩანდა „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი.
„კარგი მატჩი ჩავატარეთ და ამიტომაც ორმაგად გული მწყდება, რომ 3 ქულა ვერ ავიღეთ. ვფიქრობ დღეს მოგებას ნამდვილად ვიმსახურებდით. მეტოქის კართან არაერთი სახიფათო მომენტი შევქმენით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ გოლი ვერ გავიტანეთ.
რამდენიმე ცვლილების გაკეთებაც მომიხდა, რადგან გუნდი სადღაც ერთი საათის შემდეგ ძალიან დაიღალა. მეორე ტაიმში ტაქტიკაც ორჯერ გადავაწყვე. დინამიკის შესანარჩუნებლად ახალი გეგმა გვჭირდებოდა.
მოთმინება, სიმშვიდე და დასვენება. უახლოეს დღეებში ეს იქნება ჩვენი სამოქმედო გეგმა. წინ არაერთი მნიშვნელოვანი მატჩი გველის. ჩემპიონობისთვის ბრძოლა ჯერ არ დასრულებულა.“ – ამბობს ზინედინ ზიდანი.





