ალბათ ცოტა ვინმე თუ წარმოიდგენდა, რომ „ლივერპულის“ და „რეალის“ ჯახი გოლის გარეშე თუ დასრულდებოდა. ორი ევროპული გრანდის განმეორებითი დაპირისპირება „ენფილდზე“ სწორედ უგოლო ფრით დასრულდა.
მომენტები ორივე გუნდის კართან უხვად შეიქმნა, თუმცა ხან მეკარეები ყოჩაღობდნენ, ხანაც ფეხბურთელები დამაგვირგვინებელ ფაზაში სცოდავდნენ.
საბოლოო ჯამში, ნულოვანმა ფრემ „რეალის“ წისქვილზე დაასხა წყალი და მადრიდელებიც ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში დამსახურებულად გავიდნენ.
სამეფო გუნდის მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მატჩის შემდეგ ბუნებრივია კმაყოფილი იყო.
„მოხარული ვარ, რომ საბოლოოდ ყველაფერი ისე დასრულდა, როგორც გვსურდა. ვიცოდით, რომ რთული მატჩი გველოდა. ლივერპულთან სხვაგვარად არც შეიძლებოდა ყოფილიყო, თუმცა დასახულ მიზანს მივაღწიეთ.
შემიძლია თამამად ვთქვათ, რომ დღეს დიდ შტორმს გავუძელით და სიამაყის საფუძველი ნამდვილად გაგვაჩნია.
მეტოქემ თავიდანვე სწრაფი ტემპი შემოგვთავაზა, რისთვისაც მზად აღმოვჩნდით. ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში უბრძოლველად ვერ გახვალ. ჩვენც ეს ბრძოლა გამოვიარეთ“ – აღნიშნავს ზინედინ ზიდანი.






