საკვალიფიკაციო ეტაპზე 3 ბარიერის გადალახვის და დიდი სლემის ძირითად ბადეში პირველად მოხვედრის შემდეგ, ეკატერინე გორგოძე როლან გაროსს დაემშვიდობა.
ქართველი ჩოგბურთელის პარიზული თავგადასავალი კლარა ტაუსონმა დაასრულა. დანიელმა ჩოგბურთელმა, რომელიც რეიტინგის 90-ე ნომერია ეკატერინე გორგოძეს ორ სეტში – 6:4, 6:2 აჯობა.
პირველ პარტიაში გაცილებით თანაბარი ბრძოლა იყო, რომელიც გეიმი-გეიმში მიმდინარეობდა, თუმცა ბოლოსკენ მაინც 18 წლის ტაუსონმა იმძლავრა და ბრეიქი ყველაზე საჭირო დროს შეასრულა.
რაც შეეხება მეორე სეტს, გორგოძემ შემართებით კი დაიწყო და სტარტზევე ბრეიქით დაწინაურდა, მაგრამ დანიელმა მეჩოგნემ სადავეები ხელთ მყისვე იგდო და ზედიზედ 6 გეიმი მოიგო.
ამრიგად, ეკატერინე გორგოძის ზღაპარი როლან გაროსზე დასრულდა. იმედია, ქართველი ჩოგბურთელი მინიმუმ იგივეს გამეორებას ანუ ძირითად ბადეში გასვლას უიმბლდონზეც შეძლებს.








