11 ნოემბერს, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე დასკვნით შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი ბათუმი არენაზე შვედეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან.
დღეს, ჩვენი გუნდის ფრანგმა მთავარმა მწვრთნელმა სასტუმრო შერატონში სპეციალური პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს ამომწურავად უპასუხა.
ფრანგი სპეციალისტი ხვიჩა კვარაცხელიას და გიორგი ჩაკვეტაძის საკითხსაც შეეხო.
„ზაფხულის პერიოდში პრესაში მთელი თეატრი იყო ხვიჩა კვარაცხელიასთან დაკავშირებით. ის 20 წლის ფეხბურთელია და სიმშვიდე სჭირდება. მე აღარ მინდა ვისაუბრო, ვინ უკეთესი ფეხბურთელია და ვინ რომელ გუნდში თამაშობს. მინდა, რომ გვყავდეს ბირთვი, რომელსაც დავეყრდნობით. გვყავს ახალგაზრდა მოთამაშეები, რომელთაც ჩვენი მხარდაჭერა სჭირდებათ და აქვთ პოტენციალი, რომ ნაკრები გააძლიერონ. ჩაკვეტაძეც დიდი ტალანტია, მაგრამ ჯერ კიდევ სჭირდება დრო, რომ მოამზადოს თავისი სხეული, როგორც ათლეტმა“, – განაცხადა სანიოლმა.







