საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის დინამომ თურქულ შეკრებაზე მორიგი ამხანაგური შეხვედრა გამართა. გია გეგუჩაძის გუნდი ყაზანის „რუბინს“ დაუპირისპირდა და ფრედ – 2:2 ითამაშა.
ყაზანელთა რიგებში პირველი ნახევარი სრულად ჩაატრა ხვიჩა კვარაცხელიამ, რომლისთვისაც დღევანდელი მატჩი 2022 წელს პირველი იყო, თუმცა ლეონიდ სლუცკიმ ქართველი ფეხბურთელი მეორე ტაიმის დაწყებამდე, შესვენებაზე შეცვალა.
რაც შეეხება შეხვედრას, ის ძირითადად ყაზანელების უპირატესობით მიმდინარეობდა. პირველ ნახევარში სლუცკის ფეხბურთელებს რამდენჯერმე შეეძლოთ ანგარიშის გახსა, მათ შორის ხვიჩა კვარაცხელიასაც, თუმცა ლაზარე კუპატაძეს ვერცერთმა ფეხბურთელმა აჯობა და პირველი 45 წუთი ნულოვანი ფრით მორჩა.
მეორე ნახევრის დაწყებიდან დაახლოებით 15 წუთში „დინამოს“ ფეხბურთელის წინააღმდეგ საჯარიმოში წესების დარღვევა დაფიქსირდა და მთავარმა მსაჯმა თერთმეტმეტრიანი დანიშნა, რომელიც ზუსტად ჯაბა ჯიღაურმა შეასრულა და აჭარული კლუბი დააწინაურა. „რუბინმა“ წონასწორობის აღდგენა მალევე, ასევე თერთმეტმეტრიანით შეძლო და ორიოდე წუთში მეორე გოლის გატანაც შეძლეს – 2:1. საბოლოო ანგარიში კი 89-ე წუთზე, ჯაბა ჯიღაურმა დააფიქსირა, რომელმაც მეტოქის კარში დუბლი შეასრულა და ბათუმის „დინამო“ წაგებას გადაარჩინა.





