საქართველოს მოქმედმა ჩემპიონმა, ბათუმის „დინამომ“ თურქულ შეკრებაზე პირველი მატჩი გამართა. გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელის, ნიკოლოზ კვეკვესკირის პოზნანის „ლეხს“ შეხვდა და მინიმალური სხვაობით, 2:1 დაამარცხა.
შეხვედრაში ანგარიში პოლონელებმა თერთმეტმეტრიანით მე-14 წუთზე გახსნეს. ათიოდე წუთში „ლეხის“ ფეხბურთელებს ასევე თერთმეტმეტრიანით უპირატესობის ორბურთამდე გაზრდა შეეძლოთ, თუმცა მიხეილ ალავიძემ დარტყმის მოგერიება მოახერხა. ტაიმის მიწურულს კი პენალტი ამჯერად ბათუმელმა ფეხბურთელებმა შეასრულეს და ვლადიმერ მამუჩაშვილის გოლით წონასწორობა აღადგინეს.
გია გეგუჩაძის გუნდმა მეორე გოლის გატანა 59-ე წუთზე შეძლო. თორნიკე გაფრინდაშვილმა შორიდან მეტოქეს ეფექტური გოლი გაუტანა და საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.




