ეკატერინე გორგოძე WTA-ს 250-იანი კატეგორიის საჩოგბურთო ტურნირის მეოთხედფინალშია. ქართველმა ჩოგბურთელმა, პოლონეთის ქალაქ გდინში მიმდინარე პრესტიჟულ შეჯიბრზე, არც ისე შორეულ წარსულში ტოპ 20-ის წევრი, ვარვარა ლეპჩენკო დაამარცხა და საუკეთესო რვაშიც დამსახურებულად გააღწია.
ეკატერინე გორგოძე გდინის ტურნირის ძირითად ბადეში საკვალიფიკაციო ეტაპის გავლის შემდეგ მოხვდა და წარმატებულ ასპარეზობასაც აგრძელებს. პირველ წრეში მან რუსეთის წარმომადგენელი ანასტასია ზახაროვა დაამარცხა, ამჯერად კი უკვე გაცილებით გამოცდილ და ძლიერ მეჩოგნეს, ვარვარა ლეპჩენკოს საკმაოდ დამაჯერებლად, ორ სეტში – 7:6, 6:2 სძლია. აქვე ისიც დავძინოთ, რომ ეკატერინე გორგოძეს ვარვარა ლეპჩენკო ერთხელ უკვე დამარცხებული ჰყავდა, როდესაც 2019 წელს შტუდგარტის პრესტიჟულ ტურნირზე აჯობა.
როგორც თავში ავღნიშნეთ, ვარვარა ლეპჩენკო ერთ დროს რეიტინგის მაღალ საფეხურზე იმყოფებოდა და ის მსოფლიოს მე-19 ჩოგანი გახლდათ. ამჟამად, 35 წლის ამერიკელი ჩოგბურთელი, რომელიც უკვე უზბეკეთის სახელით თამაშობს 154-ე პოზიციაზეა და კარიერის მანძილზე არაერთი შთამბეჭდავი გამარჯვებაც მოუპოვებია.
1/4 ფინალში ეკატერინე გორგოძის მეტოქე სლოვაკი კრისტინა კუცოვას და რუმინელი ირინა მარია ბარას შორის გამარჯვებული იქნება.








