საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა, ნიკოლოზ კვეკვესკირმა უზბეკეთთან ამხანაგურ მატჩამდე ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ფეხბურთელის სიტყვებს 1TV.GE ციტირებს:
„დიდი ხანია არ მომხდარა, რომ მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში ზედიზედ მეორე მატჩი მოვიგეთ. ეიფორია არაა გუნდში, პირიქით, შევეცდებით, რომ კიდევ ერთი წარმატებული თამაში ჩავატაროთ. უზბეკეთთან მატჩი ერთგვარი ტესტია, რამდენად შეგვიძლია ეს დონე შევინარჩუნოთ. ეს არის ძლიერი ნაკრების განმსაზღვრელი, რამდენად შეგიძლია მაღალ დონეზე თამაში და შევეცდებით, შემდეგ გულშემატკივრები შემდეგ მატჩებშიც გავახაროთ. რაც შეეხება ტრავმირებულ მოთამაშეებს, მინდა დროზე გამოჯანმრთელება ვუსურვო.
გუნდში უნდა იმუშაო და სათამაშო პრაქტიკა გქონდეს, რომ შენს ეროვნულ ნაკრებში ითამაშო. ვერ ვიტყვი, რომ ნაკრებში გამოუძახებლობა მოტივაციაა, რადგან მოტივაცია არასოდეს მაკლია. საერთოდ, ეროვნულ გუნდში მოტივაციის პრობლემა არ არის. თუმცა, ამაზე ბევრი საუბარი იყო. ყველას ესმის, საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ფორმის დაცვა რას ნიშნავს“, – განაცხადა კვეკვესკირმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები 2021 წლის ბოლო შეხვედრას ხვალ გამართავს. ქართველი ფეხბურთელები გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ამხანაგურ შეხვედრაში უზბეკეთის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა 18:00 საათზე დაიწყება.





