საქართველოს ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა, დავით თარგამაძემ, რომელიც საფეხბურთო კარიერის განმავლობაში უკრაინულ გუნდებში – “შახტარში”, “ოლექსანდრიასა” და “მარიუპოლში” თამაშობდა გადაცემა Sportშოუ-ში ანატოლი ტიმოშჩუკზე ისაუბრა.
“ალბათ, საკმარისად არ უყვარს თავისი ქვეყანა, ისე როგორ უნდა უყვარდეს ყველა პატრიოტს. არანაირ ფინანსურ მოგებას აზრი და ფიქრი არ აქვს, როდესაც შენ ქვეყანას ასე ძალიან უჭირს. მითუმეტეს, იმ სახელმწიფოში მუშაობ, რომელიც უკრაინას ბომბავს. უკრაინელ ბიჭებს ვისაც ველაპარაკე, ყველა მაგას აგინებს. ამდენი ბავშვი იღუპება, ამდენი ადამიანი, შენ კიდე ზიხარ თბილად, არ აქვს მნიშვნელობა რამდენ მილიონს იღებ. ნებისმიერ ადამიანს ღამე რომ დაეძინება, ერთი ორ წუთიანი ფიქრი მაინც ექნება, სად ვარ ახლა და ჩემ ქვეყანას რა სჭირსო”, – ამბობს თარგამაძე.
შეგახსენებთ, რომ უკრაინის ფეხბურთის ასოციაცია ვეტერან ფეხბურთელს, ანატოლი ტიმოშუკს ყველა ჯილდოსა და ტიტულს ჩამოართმევს.
მას უკრაინის ნაკრებში 144 შეხვედრა აქვს ჩატარებული, ამჟამად კი სანქტ-პეტერბურგის “ზენიტის” მთავარი მწვრთნელის ასისტენტია და მას ამ დრომდე რუსეთის უკრაინაში შეჭრის შესახებ საჯაროდ არაფერი უთქვამს.








