ცოტაც და 2020 წელი ისტორიის კუთვნილება გახდება. ორი აზრი არ არსებობს, ცნობილ მიზეზთა გამო ყველა მხრივ მძიმე წელი გამოდგა. ამ მხრივ გამონაკლისი არც სპორტი ყოფილა. გაურკვეველი ხნით შეწყვეტილი ტურნირები, შემდეგ ისევ აღმდგარი, თუმცა უჩვეულო გარემოში გაგრძელებული შეჯიბრებები და ა.შ.
მიუხედავად დაბრკოლებებისა, ქართველმა ჩოგბურთელმა, ეკატერინე გორგოძემ სეზონი მაინც მაჟრულ ნოტაზე დაასრულა. მან კარიერაში კიდევ ერთი ტიტული მოიგო – წყვილთა შორის დუბაის 100 ათასიანი ტურნირის ჩემპიონი გახდა.
აღსანიშნავია, რომ ტურნირზე საკმაოდ წარმომადგენლობითმა შემადგენლობამ მოიყარა თავი. მარტო მლადენოვიჩ/ბაბოშის გამოცდილი წყვილი რად ღირს. ამიტომაც, ჩვენებურის წარმატება ორმაგად დასაფასებელია.
„პრაიმსპორტი“, ეკატერინე გორგოძეს დუბაიში შეეხმიანა და მასთან ინტერვიუ ჩაწერა, რომელსაც ქვემოთ გაახლებთ.

-ეკო პირველ რიგში გილოცავთ. სანამ უშუალოდ დუბაის ტურნირზე გადავალთ, მანამდე 2020 წელი შეაფასეთ. რამდენად კმაყოფილი ხართ განვლილი სეზონით?
-რთული წელი მქონდა და მხოლოდ პანდემიას არ ვგულისხმობ. ამ მხრივ ყველასთვის მძიმე სიტუაციაა, მაგრამ ჩემ შემთხვევაში ისიც დაერთო, რომ მამა გარდამეცვალა. ბუნებრივია ამან ფსიქოლოგიურ მდგომარეობაზე საშინლად იმოქმედა. ახლაც მიჭირს შეგუება.
ასე რომ, საშინელი წელი გამოდგა, მაგრამ ყველაფერთან ერთად ცუდი ის იყო, რომ საერთოდ აღარ მინდოდა ჩოგბურთის თამაში და ტურნირებზე გამოსვლა.
-ვიზიარებთ. კარგია, რომ ასე არ მოიქეცით, მდგომარეობიდან გამოხვედით და ჩოგბურთს დაუბრუნდით. დუბაის ტურნირზეც მოგვიყევით.
-საკმაოდ ძლიერი შეჯიბრი გამოდგა. თუ მონაწილეთა შემადგენლობას გადახედავთ ამაში თვალნათლივ დარწმუნდებით. არაერთმა მაღალი დონის მეჩოგნემ მოიყარა თავი.
ფინალის დღეს, გამარჯვების გარდა სხვა არაფერზე ვფიქრობდით. რადგან აქამდე მივედით, წაგება უკვე გამოირიცხებოდა. საკუთარი თავით უკმაყოფილო არ ვარ. ვფიქრობ, კარგი დონე ვაჩვენეთ. თან მეტად რთული ბადეც შეგვხვდა.
სხვათა შორის, დუბაიში ტურნირის წინა დღეს ჩავფრინდი და შეჯიბრში ისე ჩავერთე ერთი ვარჯიშიც ვერ მოვასწარი. აკლიმატიზაციაც გამიჭირდა. სიცივიდან, მომენტალურად +30 გრადუსიან სიცხეში აღმოვჩნდი, რასაც ნესტიანი ჰავაც დაერთო.

-მეწყვილეზე რას გვეტყვით? ხომ არ ფიქრობთ, რომ მასთან მომავალშიც გააგრძელებთ დუეტში თამაშს?
-ზოგადად, ანკიტა რაინა ჩემი მეწყვილე არ არის და შესაბამისად ერთად თამაშსაც არ ვაპირებდით. მე სხვა მეწყვილე მყავს – აგკულ ამანმურადოვა, მაგრამ შემაჯამებელი რეიტინგით მთავარ ბადეში ვერ მოვხვდით და ბოლო წუთის გადაწყვეტილება იყო ინდოელ ჩოგბურთელთან წყვილში მეცადა ბედი. მე და ანკიტას ერთად არასოდეს გვითამაშია და ამის ფონზე ჩემპიონობა მართლაც სასიხარულოა.
-ერთეულთა თანრიგზეც გვითხარი.
-კვალიფიკაციის თამაშებმა კარგად ჩაიარა, განსაკუთრებით მეორე მატჩმა, რომელშიც ძალზედ გამოცდილ მეტოქეს სუპერტაიბრეიქში ვაჯობე და ძირითად ბადეში შევედი.
იქ უკვე მარტივი გასეირნება უნდა დაივიწყო. ნებისმიერ მოწინააღმდეგესთან დიდი ბრძოლის გადატანა გიწევს. მეც ბოლომდე დავიხარჯე, თუმცა სამწუხაროდ წავაგე, მაგრამ დიდი გამოცდილება მივიღე, რადგან მეტოქედ ტოპ ოცეულის ყოფილი წევრი მყავდა. მოგება არ შემეძლოო ვერ ვიტყვი. სამწუხაროდ, ბევრი შანსი ვერ გამოვიყენე.
ზოგადად, დუბაის ტურნირმა უფრო თავდაჯერებული გამხადა, რაც სამომავლოდ უნდა გამომადგეს.

-წელს ეს თქვენი ბოლო ტურნირი იყო თუ კიდევ აპირებთ სადმე თამაშს?
-დიახ, სხვაგან გამოსვლას ვეღარ ვახერხებ. იტალიაში მქონდა დაგეგმილი ტურნირზე თამაში, მაგრამ პანდემიით გამოწვეული შეზღუდვების და კარანტინის გამო გამოირიცხა.
-თქვენი სამომავლო გეგმები როგორია?
-დუბაიში ვრჩები და ავსტრალიის ღია პირველობას ველოდები. უფრო სწორად, საბოლოო გადაწყვეტილებას.
გეცოდინებათ, ავსტრალიის დიდი სლემი 2021 წელს, იანვრის ნაცვლად თებერვალში გაიმართება, ხოლო საკვალიფიკაციო ეტაპი არა მწვანე კონტინენტზე, არამედ სხვა ქვეყანაში ჩატარდება. დიდი ალბათობით ეს დუბაიში მოხდება და აქედან წამოსვლასაც მაგიტომ არ ვჩქარობ.
პირველადი და დაუდასტურებელი ინფორმაციით, საკვალიფიკაციო ტურნირი 8-9 იანვარს უნდა გაიმართოს და ვინც გაივლის, შემდეგ ჩაფრინდებიან მელბურნში, სადაც ძირითადი ბადის დაწყებამდე ორ კვირიან კარანტინში გადავლენ.
![Image may contain: 2 people, including Eko Gorgodze, people playing sports and tennis, text that says '23 "AL AL HABTOOR TENNIS CHALLENGE ZADOINOV(ESP] שעep Ekaterine lease CAR RENTAL Mai ITF ABTOOR SORT& CLUB'](https://scontent.ftbs6-1.fna.fbcdn.net/v/t1.0-9/131129098_10218854594780664_4764458150679285226_o.jpg?_nc_cat=110&ccb=2&_nc_sid=8bfeb9&_nc_ohc=Ju63t20AYxsAX-HM_iO&_nc_ht=scontent.ftbs6-1.fna&oh=fdaaa2cc4d65ea386797599d195a55a9&oe=5FFD616B)
-გაისად, ოთხივე დიდ სლემზე გეგმავთ თამაშს?
-რა თქმა უნდა. ყველა ჩოგბურთელის მიზანია დიდ მუზარადზე ითამაშოს. იმედია, გაუთვალისწინებელი პრობლემები ხელს არ შემიშლის. ფიზიკურად თავს კარგად ვგრძნობ და ვატყობ, რომ თამაშის მხრივაც პროგრესი მაქვს. იმედია, ეს ყველაფერი ტურნირებზეც აისახება.
WTA-ს 2021 წლის საბოლოო კალენდრის დამტკიცებას ველოდები, რომ ტურნირების დაგეგმვა შევძლო. პანდემიამ ბევრი რამ თავდაყირა დააყენა.
-უმთავრესად ევროპაში ვარჯიშობთ?
-დიახ, ძირითადად ესპანეთში, მაგრამ წელს პანდემიამ შემიშალა ხელი და ვერ მოვახერხე. ამიტომაც თბილისში ვემზადებოდი მარიამ ბოლქვაძესთან ერთად.
ამ ეტაპზე მწვრთნელი არ მყავს. ფიზიკური მომზადების მწვრთნელები კი ოთარ გვარაძე და ნინო წიკლაური არიან.








