სატრანსფერო ფანჯრის გახსნასთან ერთად, ბათუმის „დინამოსა“ და საქართველოს ნაკრების მარცხენა მცველის, ირაკლი აზაროვის მიმართ სხვადასხვა მითქმა-მოთქმაც გააქტიურდა.
ალბათ უცხო არავისთვის იქნება, თუ ვიტყვით, რომ თურქეთის სუპერლიგაში მოასპარეზე „ტრაბზონსპორი“ ირაკლის ყიდვას 3-4 თვეა ცდილობს. თურქული მედიის მტკიცებით, ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე კლუბის მთავარი მიზანი კვლავ 19 წლის ფეხბურთელის შეძენა იქნება. გავრცელებული ინფორმაციით, „ტრაბზონსპორის“ ხელმძღვანელებმა „დინამოს“ სოლიდური თანხაც შესთავაზეს (დაახლოებით 1.5 მილიონი ევრო), თუმცა ტრანსფერს რამდენიმე ფაქტორი აბრკოლებს.
ერთ-ერთი ფაქტორი, დაუდასტურებელი და ასევე თურქულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით არის რუსული „კრასნოდარი“, რომელიც ფეხბურთელში გაცილებით მეტს, 2 მილიონ ევრომდე იხდის. ვრცელდება ინფორმაცია საქმეში ძმები არველაძეების ჩარევის შესახებაც, მაგრამ ჯერჯერობით ოფიციალურად არც ეს ცნობა დასტურდება.
პარალელურად, ბათუმის „დინამომ“ და უშუალოდ კლუბის პრეზიდენტმა, არჩილ ბერიძემ არაერთხელ განაცხადეს, რომ უახლოესი 1 წლის პერსპექტივაში ფეხბურთელის გაყიდვას არ აპირებენ, რადგან მათი სურვილია, რომ „დინამო“ ევროსარბიელს მაქსიმალურად ძლიერი შემადგენლობით შეხვდეს.
„ტრაბზონსპორის“ და „კრასნოდარის“ გარდა ირაკლი აზაროვით სხვა ევროპული გუნდებიც იყვნენ დაინტერესებული, მაგალითად: „ბრიუგე“ და ზაგრების „დინამო“, თუმცა ყველაზე აქტიურები ჯერჯერობით მხოლოდ „ტრაბზონსპორი და „კრასნოდარი“ არიან.








