ეროვნული ლიგის მე-14 ტური საკმაოდ საინტერესო ჯახით გაიხსნა, რომელშიც ერთმანეთს ქუთაისის „ტორპედო“ და გორის „დილა“ დაუპირისპირდნენ.
ქუთათურებმა წინა ტურში როგორც იქნა ნანატრი გამარჯვება მოიპოვეს, როდესაც სტუმრად თელავს საფეხბურთო გაკვეთილი ჩაუტარეს და 4:0 დაამარცხეს.
მადა ჭამაში მოდისო და „ტორპედომ“ მიჯრით მეორე გამარჯვება იზეიმა და თან საკმაოდ კერკეტ კაკალ გორის „დილასთან“. მატჩი მეტად დაძაბული გამოდგა, რაზეც ანგარიშიც მეტყველებს – 1:0.
მასპინძელთაგან თავი მატჩის 49-ე წუთზე ქუთაისელთა პალესტინელმა ლეგიონერმა ფადი ზიდანმა გამოიჩინა და თავის გუნდს უმნიშვნელოვანესი 3 ქულა მოუპოვა.
რაც შეეხება „დილას“, გუნდს თითქოს ერთგვარი ჩავარდნა აქვთ. გორელებმა ზედიზედ მეორე მატჩი წააგეს, თუმცა სატურნირო ცხრილში 22 ქულით მესამე ადგილი მაინც შეინარჩუნეს. „ტორპედო“ კი 13 ქულით მერვე ადგილზეა.





