საკლუბო სეზონის დასრულებამდე დიდი დრო აღარ რჩება. ორიოდე თვეში ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაც გაიხსნება და გულშემატკივრები ბევრ საინტერესო გარიგებას იხილავენ. ჩვეულებრივ, კლუბების მფლობელები გუნდის გასაძლიერებლად თანხებს არ ზოგავენ, მაგრამ მომავალი სატრანსფერო ფანჯარა განსხვავებული იქნება, რადგან კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული ფინანსური კრიზისის გამო, ფეხბურთელის ფასებიც დავარდნილი იქნება და მფლობელები კოლოსალურ თანხებს ვერ დახარჯავენ. თუმცა, არაა გამორიცხული სუპერ ტრანსფერები მაინც ვიხილით, მაგალითისთვის როგორიცაა მბაპეს „რეალში“ ტრანსფერი, ჰალანდის „ბარსელონაში“ და ა.შ.
როდესაც ტრანსფერებზე ვსაუბრობთ, არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მიმდინარე სეზონის დასასრულს არაერთი ტოპ-ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება და სულაც არ არის გამორიცხული, რომ გრანდებმა ისინი უსასყიდლოდ წაიყვანონ. „პრაიმსპორტმა“ თვალი გადაავლო იმ ფეხბურთელების ათეულს, რომლებიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტები ხდებიან და მათ უფრო ახლოს გაგაცნობთ.
10. ერიკ გარსია
კლუბი: მანჩესტერ სიტი
სატრანსფერო ღირებულება: 20 მილიონი ევრო
ახალგაზრდა ესპანელმა მცველმა პირდაპირ განაცხადა, რომ „მანჩესტერ სიტისთან“ კონტრაქტის გახანგრძლივება არ სურს. საერთოდ, პლანეტაზე ცოტა თუ მოიძებნება, ვისაც გვარდიოლასთან მუშაობა არ სურს, მაგრამ 20 წლის გარსიამ ეს გადაწყვეტილება მაინც მიიღო. დიდი ალბათობით, ერიკი თავის მშობლიურ კლუბ „ბარსელონაში“ დაბრუნდება, რომელიც მან 4 წლის წინ დატოვა. კატალონიელებმა ესპანელი მცველის დამატება ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე სცადეს, მაგრამ ქალაქელების მოთხოვნილი თანხა ეძვირათ. ახლა უკვე 99%-ით გადაწყვეტილი ამბავია, რომ სეზონის ბოლოს ერიკ გარსია სეზონის დასრულების შემდეგ მანჩესტერულ კლუბს დატოვებს და „ბარსელონაში“ გადავა, „ბლაუგრანასთვის“ კი ახალგაზრდა მცველის უფასოდ დამატება იდეალური გარიგება იქნება.
9. იულიან დრაქსლერი
კლუბი: პსჟ
სატრანსფერო ღირებულება: 20 მილიონი ევრო
პარიზულ კლუბში იულიან დრაქსლერის მოღვაწეობა დასასრულს უახლოვდება. ფაქტობრივად გადაწყვეტილია, რომ გერმანელი ნახევარმცველი სეზონის დასრულების შემდეგ პსჟ-ს დატოვებს და ძალებს სხვა ევროპის ტოპ-ჩემპიონატში მოსინჯავს. იმის მიუხედავად, რომ ბოლო პერიოდში დრაქსლერმა მნიშვნელოვანი დახმარება გაუწია პარიზელებს, კლუბის ხელმძღვანელობას მისთვის კონტრაქტის გახანგრძლივება არ შეუთავაზებია. თან, 27 ნახევარმცველს მსურველებიც არ აკლია – „იუვენტუსი“, ლევერკუზენის ბაიერი, „არსენალი“, „ლიდსი“ და ა.შ. ამასთან, დრაქსლეთან კონტრაქტის გახანგრძლივება თავის დროზე არც ტომას ტუხელმა მოითხოვა და ახლა არც მაურისიო პოჩეტინო იწუხებს თავს.
8. სერხიო აგუერო
კლუბი: მანჩესტერ სიტი
სატრანსფერო ღირებულება: 25 მილიონი ევრო
აგუერომ „მანჩესტერ სიტის“ შემადგენლობაში შესანიშნავი 10 წელი გაატარა. ამ დროის განმავლობაში, არგენტინელმა თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის გარდა ინგლისში ყველა ტიტული მოიგო. თუ ქალაქელები მიმდინარე სეზონში ჩემპიონთა ლიგას მოიგებენ, ეს აგუეროს და სიტის განშორების დამაგვირგვინებელი მომენტი იქნება. ცოტა ხნის წინ მანჩესტერული კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ სეზონის ბოლოს 32 წლის თავდამსხმელი კლუბს დატოვებს, თანაც თავისუფალი აგენტის სტატუსით. მისი დამატების სურვილს კი ისეთი კლუბები იჩენენ, როგორებიც არიან „იუვენტუსი“, „ჩელსი“, „ინტერი“ და „ბარსელონა“.
7. ფლორიან ტოვენი
კლუბი: მარსელი
სატრანსფერო ღირებულება: 32 მილიონი ევრო
28 წლის ფრანგმა ნახევარმცველმა „მარსელთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი განაცხადა. ფრანგული კლუბის ხელმძღვანელები ფეხბურთელის შენარჩუნებას გამალებით ცდილობენ, თუმცა როგორც ჩანს ყველაფერი თავად ტოვენზე იქნება დამოკიდებული. მის მიმართ ინტერესს „სევილია“ და „ლესტერი“ გამოხატავენ, თუმცა მთავარ პრეტენდენტად „მილანი“ ითვლება. გასული სეზონის ბოლოს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ფრანგმა ფეხბურთელმა „მარსელთან“ კონტრაქტის გახანგრძლივებაზე უარი იმის გამო თქვა, რომ „როსონერის“ შემადგენლობაში უფასოდ გადასულიყო და ეს ვერსია დღემდეც აქტუალურია.
6. ჰაკან ჩალჰანოღლუ
კლუბი: მილანი
სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი ევრო
თურქი ფეხბურთელი „მილანის“ ერთ-ერთი მამოძრავებელი ძალაა, ამის გამო „როსონერის“ ხელმძღვანელობისთვის მასთან კონტრაქტის გახანგრძლივება ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხია. ამასთან, მხარეები აქტიურად განიხილავენ თანამშრომლობის გაგრძელების საკითხს, თუმცა ახალ კონტრაქტზე ჯერჯერობით ვერ თანხმდებიან. ყველაფერი ალბათ დროის საკითხია, მაგრამ ზურგს უკან არსებობს მესამე მოთამაშეც – „მანჩესტერ იუნაიტედი“, რომელიც ყურადღებით აკვირდება ამ პროცესს და პარალელურად ჩალჰანოღლუს მაცდურ კონტრაქტს სთავაზობს. ამის გარდა, ჰაკანი მუდმივად იძახის, რომ „გალათასარაის“ გულშემატკივარია და ერთ დღეს ამ კლუბის მაისურსაც მოირგებს, მაგრამ ახლა ეს ყველაზე ნაკლებად სავარაუდოა, რადგან კარიერის პიკში 27 წლის ფეხბურთელის თურქეთის ჩემპიონატის გადასვლა ყველასთვის არარეალურია.
5. ჯორჯინიო ვეინალდუმი
კლუბი: ლივერპული
სატრანსფერო ღირებულება: 35 მილიონი ევრო
ნიდერლანდელი ნახევარმცველის სატრანსფერო საგა ალბათ მიმდინარე წლის ზაფხულში დასრულდება. ვეინალდუმი „ლივერპულში“ დარჩენის სურვილს ღიად გამოთქვამს, თუმცა ის კლუბის მიერ შეთავაზებული პირობებით უკმაყოფილოა. ჟურნალისტებთან ურთიერთობისას ჯორჯინიო საკმაოდ თავშეკავებულია და თავის მომავალის შესახებ კომენტარს ფაქტობრივად არ აკეთებს. მაგრამ, უფრო და უფრო ცხადი ხდება, რომ სეზონის ბოლოს 30 წლის ფეხბურთელი ინგლისს დატოვებს და თავისუფალი აგენტის სტატუსით „ბარსელონას“ შეუერთდება. სავარაუდოდ, მხარეებს შორის წინასწარი შეთანხმებაც არსებობს და ყველაფერი დროის ამბავია. გასულ სეზონში ფეხბურთელის დამატებას „ინტერიც“ ცდილობდა, თუმცა „ნერაძურიმ“ უარი ბოლო მომენტში თქვა. ვეინალდუმის მიმართ ინტერესს ინგლისური კლუბებიც იჩენენ, თუმცა როგორც ჩანს ის მაინც კატალონიაში გაემგზავრება, სადაც მწვრთნელად თავისი თანამემამულე, როლანდ კუმანი ელოდება.
4. მემფის დეპაი
კლუბი: ლიონი
სატრანსფერო ღირებულება: 45 მილიონი ევრო
სეზონის ბოლოს „ბარსელონაში“ თავისუფალი აგენტის სტატუსით გადასვლა კიდევ ერთ ნიდერლანდელ ფეხბურთელს შეუძლია. დეპაიმ არაერთხელ განაცხადა, რომ სეზონის ბოლოს „ლიონს“ დატოვებს. ამის მიუხედავად, კლუბის ხელმძღვანელები იმედს იტოვებენ, რომ ნიდერლანდელის შენარჩუნებას მოახერხებენ იმ შემთხვევაში, თუ „ლიონი“ ქვეყნის ჩემპიონის ტიტულს მოიპოვებს. ახლა ოლიმპიკი სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე იმყოფება და ლიდერ პსჟ-ს 3 ქულით ჩამორჩება. საფრანგეთის ჩემპიონატში პარიზული კლუბი საკმაოდ არასტაბილურად გამოიყურება, რაც „ლიონის“ შანსებს ბუნებრივია უფრო რეალურს ხდის. ამის მიუხედავად, დეპაი „ლიონში“ გაჩერებას მაინც აღარ აპირებს და გული „ბარსელონისკენ“ მიუწევს, სადაც თავისი თანამემამულე, როლანდ კუმანი ელოდება.
3. დავიდ ალაბა
კლუბი: ბაიერნი
სატრანსფერო ღირებულება: 55 მილიონი ევრო
მიუნხენის „ბაიერნის“ ფანებისთვის საკმაოდ დიდი იმედგაცრუება იყო, როდესაც ავსტრიელმა მცველმა კლუბიდან წასვლის შესახებ თავისი გადაწყვეტილება გამოაცხადა. „რეკორდმეისტერის“ ხელმძღვანელებმა მედიაში გამოაცხადეს, რომ ალაბა და მისი აგენტი ახალ კონტრაქტზე საკმაოდ მაღალ მოთხოვნებს აყენებდნენ, რის გამოც მოლაპარაკებები ჩაიშალა. საბოლოოდ გადაწყდა, რომ 28 წლის ფეხბურთელი თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს. ალაბას დამატების მთავარი პრეტენდენტი მადრიდის „რეალია“. გავრცელებული ინფორმაციით, მხარეები ხელშეკრულების დეტალებზეც შეთანხმდნენ.
2. ჯანლუიჯი დონარუმა
კლუბი: მილანი
სატრანსფერო ღირებულება: 60 მილიონი ევრო
ჯიჯი დონარუმას კონტრაქტი „მილანის“ მენეჯმენტისთვის კიდევ ერთი მტკივნეული საკითხია. „როსონერი“ რამდენიმე თვეა აქტიურად აწარმოებს მოლაპარაკებებს კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, მაგრამ ყველა მცდელობა უშედეგოდ სრულდება. იტალიელი მეკარის აგენტი მინო რაიოლაა და მოლაპარაკებების გაჭიანურება გასაკვირი სულაც არ არის. მხარეებს შორის მომდევნო შეხვედრა უახლოეს დღეებშია დაგეგმილი. „მილანმა“ დონარუმას კიდევ ერთი და ალბათ უკანასკნელი შეთავაზება გაუკეთა, ახლა კი ყველაფერი თავად ფეხბურთელზე იქნება დამოკიდებული. „მილანის“ გულშემატკივრები დონარუმას საქციელით აღშფოთებულები არიან. ვერ ეგუებიან იმ ფაქტს, რომ 22 წლის ფეხბურთელს ბევრი ფული სურს და მშობლიური კლუბისთვის დათმობას არ აპირებს. პარალელურად, მეკარისთვის ისეთი გუნდები იბრძვიან, როგორებიც არიან პსჟ და „მანჩესტერ იუნაიტედი“. თავად „მილანს“ თავის აღზრდილთან განშორება არ სურს და მის შესანარჩუნებლად ყველაფერს აკეთებენ.
1. ლიონელ მესი
კლუბი: ბარსელონა
სატრანსფერო ღირებულება: 80 მილიონი ევრო
და ბოლოს, რაღა თქმა უნდა ლიონელ მესი. ალბათ ყველას გვახსოვს ლეოს ზაფხულის დროინდელი განცხადება, როდესაც არგენტინელმა ფეხბურთელმა თავისი გადაწყვეტილების შესახებ გვამცნო. დღეისთვის, არგენტინელი სუპერვარსკვლავი ყველაზე სასურველი მოთამაშეა, რომელიც სეზონის ბოლოს თავისუფალი აგენტი ხდება. მისი დამატების მსურველებში მოწინავე პოზიციებზე პსჟ და „მანჩესტერ სიტი“ დგანან, რომლებიც ფეხბურთელს ყველაზე მაცდურ წინადადებებს სთავაზობენ. მესის „ბარსელონასთან“ კონტრაქტი ჯერ კიდევ არ განუახლებია, მაგრამ ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება, რომ ის კატალონიურ გრანდში მაინც დარჩება. ალბათ ყველასთვის ძნელი წარმოსადგენია ლეო „ბარსელონას“ გარეშე და პირიქით. კლუბში ჟოან ლაპორტას დაბრუნების შემდეგ მესის დარჩენის საკითხი უფრო რეალური გახდა. ერთი სიტყვით, უხეშად რომ ვთქვათ კაციშვილმა არ იცის რა მოხდება. ყველაფერს თვენახევარში გავიგებთ.