ლონდონის „ჩელსიმ“ ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში გასასვლელად დიდი ნაბიჯი გადადგა. არისტოკრატებმა კერკეტ კაკალ „პორტუს“ გასვლაზე 2:0 მოუგეს.
პორტუგალიური გუნდი ნომინალურ მასპინძლად ითვლებოდა, რადგან მატჩი სევილიაში გაიმართა. ნიშანდობლივია, რომ განმეორებითი მატჩის ადგილიც არ შეიცვლება.
ლონდონელებმა მეტოქეს ყველა კომპონენტში აჯობეს და დამსახურებული გამარჯვება იზეიმეს. გოლები მეისონ მაუნთმა და ბენ ჩილველმა გაიტანეს.
აი, რა თქვა „ჩელსის“ მთავარმა მწვრთნელმა ტომას ტუხელმა მატჩის შემდეგ.
„პორტუსთან დაპირისპირებას ცუდ ხასიათზე შევხვდით. პრემიერლიგაში მწარე მარცხი ვიწვნიეთ, მაგრამ მიუხედავად იმ მტკივნეული წაგებისა, დღეს ჩემმა გუნდმა უდიდესი ბრძოლისუნარიანობა და ხასიათის სიმტკიცე გამოავლინა.
ძლიერ მეტოქესთან რთული გამარჯვება მოვიპოვეთ. პორტუმ თავისი ძალა მიმდინარე სეზონში უკვე არაერთხელ დაამტკიცა. ამ ეტაპზე გამარჯვებები მარტივად არ მოდის, მაღალ დონეზე თამაშია საჭირო. ჩვენც დღეს ეს შევძელით“.





