3 აგვისტოს, ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირი და მძლეოსნობა იქნება.
ამ დღეს საქართველსო ღირსებას 6 სპორტსმენი დაიცავს:
ბერძნულ რომაული სტილით ჭიდაოიბა – 61კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძე, 87კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძე და 97კგ წონით კატეგორიაში გიორგი მელია.
დავიწყოთ რამაზ ზოიძით. 25 წლის ფალავანი საჭიდაო ხალიჩაზე თბილისის დროით 06:00 საათიდან გამოჩნდება და გათამაშებაში 1/8 ფინალიდან ჩაერთვება. ზოიძის პირველი მეტოქე კუბელი ისმაელ მოლინა ბორერო იქნება. ამ წონით კატეგორიაში მედალი ხვალ არ გათამაშდება. ფინალში, ან მესამე ადგილისთვის მატჩზე გასვლის შემთხვევაში ქართველ ფალავანს ჭიდაობა 4 აგვისტოს მოუწევს.
ზოიძის შემდეგ საჭიდაო ხალიჩაზე უკვე 87 კგ წონით კატეგორიაში მოასპარეზე ლაშა გობაძე გამოჩნდება, რომელიც სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილთან ერთად ამ წონაში ერთ-ერთ მთავარ ფავორიტად მოიაზრება და გულშემატკივრებიც მას იმედის თვალით უყურებენ. ლაშა გათამაშებაში თბილისის დროით 07:00 საათიდან ჩაერთვება, წარმატებული ასპარეზობის შემთხვევაში კი ამ წონაშიც ფინალური ბლოკი 4 აგვისტოს გაიმართება.
და ბოლოს, გიორგი მელია, რომელიც მესამე ადგილისთვის იბრძოლებს. შესაბამისად, ქართველი გულშემატკივარი 3 აგვისტოს ერთადერთ მედალს სწორედ მელიასგან ელის. ქართველი ფალავანი თბილისის დროით 06:00 საათიდან რეპეშაჟში იჭიდავებს, მეტოქე კი უნგრელი ალეს გერგო სზოკე იქნება. მეტოქის დამარცხების შემთხვევაში 24 წლის მოჭიდავე უკვე მესამე ადგილისთვის დასკვნით ბრძოლაში გადაინაცვლებს, რომელიც თბილისის დროით 14:00 საათიდან გაიმართება.
რაც შეეხება მძლეოსნობას:
- ლაშა ღულელაური – სამხტომი – თბილისის დროით 04:00 საათი.
- გიორგი მუჯარიძე – ბირთვის კვრა – თბილისის დროით 14:15-16:30 საათი.
- ბენიკ აბრამიანი – ბირთვის კვრა – თბილისის დროით 14:15-16:30 საათი.
შეგახსენებთ, რომ ტოკიო 2020-ზე ქართული დელეგაციის ანგარიშზე 6 ოლიმპიური მედალია – 1 ოქრო, 4 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა კი ვერცხლის მედლები მოიპოვეს. საქართველოს სახელით მეოთხე ვერცხლის მედალი დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე იაკობ ქაჯაიამაც მოიპოვა, ბრინჯაოს მედალი კი ძალოსან ანტონ პლესნოის ანგარიშზეა.





