2 აგვისტოს, ტოკიოს 32-ე ოლიმპიურ თამაშებზე ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო კვლავ ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ტურნირი იქნება.
ამ დღეს საქართველსო ღირსებას ორი სპორტსმენი დაიცავს – 130 კგ წონით კატეგორიაში იაკობ ქაჯაია და 97 კილოგრამში გიორგი მელია.
იაკობ ქაჯაიას ვერცხლის მედალი უკვე განაღდებული აქვს. დღეს ქართველმა მძიმეწონოსანმა 3 ეტაპი წარმატებით დაძლია და ფინალში ჭიდაობის უფლება მოიპოვა, სადაც საკმაოდ რთული მეტოქე ერგო. ჩვენებური 38 წლის კუბელ მიხაინ ლოპეს ნუნიესს შეხვდება, რომელიც 3-გზის ოლიმპიური და მრავალგზის მსოფლიო ჩემპიონია. ბუნებრივია, იაკობისგან ოქროს მედალი ნამდვილი გმირობის ტოლფასი იქნება, თუმცა მსგავსი ყაიდის მოწინააღმდეგესთან ვერცხლის აღებაც დიდ წარმატებად უნდა შეფასდეს. ქაჯაია საჭიდაო ხალიჩაზე თბილისის დროით 14:30 საათზე გამოვა.
რაც შეეხება გიორგი მელიას, ახალგაზრდა სპორტსმენი გათამაშებაში მერვედფინალიდან ჩაერთვება და საწყისი მეტოქე რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის გუნდის წევრი, მუსა ევლოევი იქნება. 97 კგ წონით კატეგორიაში გათამაშება თბილისის დროით 06:00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის ქართული დელეგაციის ანგარიშზე ოფიციალურად 5 მედალია – 1 ოქრო, 3 ვერცხლი, 1 ბრინჯაო. ოლიმპიური ჩემპიონი ძიუდოისტი ლაშა ბექაური გახდა, ასევე ძიუდოისტებმა ვაჟა მარგველაშვილმა, ლაშა შავდათუაშვილმა და გურამ თუშიშვილმა ვერცხლის მედლები მოიპოვეს, ძალოსან ანტონ პლესნოის კი ბრინჯაოს მედალი ერგო. არაოფიციალურად, მეექვსე მედლად იაკობ ქაჯაიას მონაპოვარიც ითვლება, თუმცა ზუსტად ხვალ გაირკვევა რომელი სინჯის მედალს დაისაკუთრებს ჩვენი მოჭიდავე.








