ცხელი ზაფხული, სატრანსფერო მიდი-მოდის მხრივ კიდევ უფრო რომ გახურდება ორი აზრი არ არსებობს. არაერთი ფეხბურთელი შეიცვლის გუნდს. ალბათ იქნება ხმაურიანი ტრანსფერებიც.
უცხოური მედია რომელუ ლუკაკუს შესახებ ბევრს წერს. ზოგი ჭორია, ზოგიც ალბათ მართალი. ბელგიელი ფორვარდი არაერთ გუნდს დაუკავშირეს, თუმცა ყველაზე ხშირად „მანჩესტერ სიტის“ სახელი ფიგურირებს.
„ქალაქელთა“ თავკაცი პეპ გვარდიოლა მიიჩნევს, რომ ლუკაკუ მის გუნდს კარგად შეეწყობა და ბოსებსაც ბელგიელის შეძენას თხოვს. ალბათ, „მანჩესტერ სიტის“ მფლობელი შეიხები ამის წინააღმდეგნი არ იქნებიან და საჭირო თანხასაც გაიღებენ, მაგრამ თავად ფეხბურთელი ყოყმანობს. უფრო სწორად იტალიური მედიის თქმით, ლუკაკუ „ინტერში“ თავს ბედნიერად გრძნობს და კლუბის შეცვლას არ აპირებს.
რომელუ ლუკაკუ „ინტერში“ 2019 წლიდან ირიცხება. მიმდინარე სეზონში ბელგიელმა 25 მატჩში უკვე 18 გოლიც გაიტანა.





