მოსკოვის ცსკას ქართველმა კალათბურთელმა თორნიკე შენგელიამ ვრცელი ინტერვიუ მისცა რუსულ Sports.ru-ს და ისაუბრა იმ უარყოფით ემოციებზე, რომელიც მისი რუსულ კლუბში გადასვლას მოჰყვა.
“ცსკა ევროლიგის ერთ-ერთი საუკეთესო კლუბია, თუ საუკეთესო არა. როდესაც ასეთ გუნდში გადასვლის საშუალება გაქვს, უბრალოდ უარს ვერ იტყვი. ჩვენ მოლაპარაკებები სამჯერ თუ ოთხჯერ გვქონდა, თუმცა, მხოლოდ მაშინ დავთანხმდი, როდესაც საუკეთესო კლუბში, საუკეთესო თანაგუნდელებთან და საუკეთესო მწვრთნელებთან მუშაობის გარდა, იმის უფლებაც მომცეს, რომ ეროვნულ ნაკრებში მეთამაშა.
ამის გამო, ცსკა-ს პრეზიდენტ ანდრე ვატუტინს მადლობას ყოველთვის ვუხდი, როგორც კი, საშუალება მეძლევა. მან შემხვედრი ნაბიჯი გადმოდგა, მითხრა, რომ ხვდებოდა საქართველოს ნაკრებში თამაში როგორ მინდოდა. ეს ნამდვილად მაგარი ჟესტი იყო და მისი მადლიერი ვარ.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებამ ჩემზე გარკვეული ზეგავლენა იქონია, თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ძალიან დიდი. უბრალოდ, თუკი მას ასე მიაჩნია და სხვებიც ასე ფიქრობენ, მე ვერაფერს გავაკეთებ. ვფიქრობ, რომ ეს გადამეტებული რეაქცია იყო და არასწორი გახლდათ. სხვა საქმეა, რომ მე ვერაფერს ვიზამ. მხოლოდ იმაზე ვარ ფოკუსირებული, რისი კონტროლიც შემიძლია”.
ცსკა დღეს თბილისის დროით 22:30 საათიდან იტალიაში “მილანს” დაუპირისპირდება.




