საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტი თომას ბახი მიიჩნევს, რომ ტოკიოს ოლიმპიური თამაშები ისტორიული იქნება. ვერავინ მოედავება. ეს თამაშები თუნდაც იმით იქნება გამორჩეული, რომ „ტოკიო 2020“ ერქმევა, თუმცა 2021 წელს გაიმართება.
სოკ-ის ხელმძღვანელობა ამბობს, რომ იაპონიის მთავრობა მაქსიმუმს აკეთებს, რათა საყოველთაო პანდემიის ფონზე, ოთხწლეულის უმთავრესი სპორტული ფორუმი მაღალ დონეზე იყოს ორგანიზებული.
„მუდამ ავღნიშნავდი, რომ ტოკიო ყველაზე მეტად მომზადებული ქალაქია ოლიმპიადების ისტორიაში. როდესაც სიტყვა „ისტორიულს“ ვხმარობ, ყოველთვის ფრთხილად ვარ, მაგრამ ამ შემთხვევაში ეს თამაშები მართლაც ისტორიული იქნება“ – აღნიშნავს ოლიმპიზმის გერმანელი მაღალჩინოსანი.
თომას ბახი გამოთქვამს რწმენას, რომ 2021 წლის ზაფხულამდე ანუ ოლიმპიური თამაშების დაწყებამდე მსოფლიოში კორონავირუსთან დაკავშირებული სიტუაცია დადებითისკენ შეიცვლება.





