გოლის აღნიშნვნა სხვადასხვა ჟესტებით ჩვეულებრივი ამბავია. ყველა ფეხბურთელს თუ არა, ბევრს აქვს თავისი რიტუალი, რომელსაც ასეთ დროს აკეთებს.
ჩრდ. მაკედონია ქართველი ქომაგებისთვის ავადმოსაგონარი ნაკრებია. 12 ნოემბერს მათთან განცდილი მარცხი კიდევ დიდხანს გვემახსოვრება გველის ნაკბენივით.
მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მეორე ტურში მაკედონიელებმა ლიხტენშტეინს უმასპინძლეს და 5:0 გაანადგურეს. ამ ფაქტს განსაკუთრებულ ყურადღებას არ მივაქცევდით რომ არა ერთი გარემოება. ნაკრებიდან მოკვეთეს ილია ნესტოროვსკი, რომელმაც გოლის გატანის შემდეგ სიხარული ჟესტიკულაციით გამოხატა – ტუჩთან თითი მიიდო.
ვერ გეტყვით, რა დაინახა ამ აღნიშვნაში ცუდი და ვინმესადმი შეურაწმყოფელი ჩრდ. მაკედონიის მთავარმა მწვრთნელმა იგორ ანგელოვსკიმ, მაგრამ ფორვარდი გუნდიდან მოკვეთა. ამრიგად, ნესტოროვსკი გერმანიის წინააღმდეგ ვერ ითამაშებს.
„ეს ჟესტი იმ ადამიანებს ეკუთვნოდათ, რომლებიც 3 დღის მანძილზე მე და ჩემს ოჯახს გვემუქრებოდნენ, გვაშანტაჟებდნენ და გვაძაგებდნენ. არავითარი სხვა ჩანაფიქრი არ მქონია“ – განმარტავს მაკედონიელი ფეხბურთელი.





