თემურ ქეცბაიას საბერძნეთის სუპერლიგის კლუბი „პაოკ“-ი იწვევს. ინფორმაციას ბერძნული გამოცემა Enwsi.GR ავრცელებს.
მათივე ცნობით, კლუბის ხელმძღვანელობა ამჟამინდელი მწვრთნელის, პაბლო გარსიას მუშაობით უკმაყოფილოა და მის შემცვლელად ქართველ სპეციალისტს განიხილავენ, რომელიც ამჟამად კვიპროსულ „ანორთოსისში“ მუშაობს.
„პაოკ-შო პაბლო გარსიას საქმე კარგად ვერ მიდის. ხელმძღვანელობა სეზონის დასრულებას ელოდება, რომლის შემდეგაც მას გაათავისუფლებენ. ახლაც გაუშვებდნენ, მაგრამ ახალი მწვრთნელის მოძიება გაჭირდება და მდგომარეობაც კიდევ უფრო გაუარესდება. კლუბში უკვე ეძებენ მის შემცვლელს. ერთ-ერთ ვარიანტად თემურ ქეცბაია განიხილება, რომელიც რუსულად და ბერძნულად კარგად საუბრობს. მას ჩვენთან მუშაობის გამოცდილებაც აქვს ჯერ როგორც ფეხბურთელს და შემდეგ უკვე მწვრთნელსაც. ის „აეკ“-ის მაისურით თამაშობდა, ახლა კი მის საყვარელ კვიპროსშია. ქეცბაია ჩემპიონობისთვის იბრძვის და სრულიად რეალურია სეზონის ბოლოს „ანორთოსისი“ დატოვოს და სამუშაოდ სუპერ ლიგაში გადმოვიდეს. 10 წლის წინაც ხომ იგივე გზა გაიარა?! ჩვენთვის ცნობილი გახდა, რომ პაოკ-ის პრეზიდენტი თემურს უკვე ესაუბრა. სწორედ ქეცბაია მოიაზრება ზაფხულში პაბლო გარსიას შემცვლელად“, – წერს სააგენტო.
საგულისხმოა, რომ „პაოკ“-ის პრეზიდენტი, რივან სავიდი საქართველოში, წალკის რაიონ სოფელ სავთაში დაბადებული ბიზნესმენია. ეს სოფელი ეთნიკურად ბერძენი ხალხით არის დასახლებული. 15 წლის ასაკში ივანი სასწავლებლად როსტოვში გადავიდა, შემდგომ კი სხვადასხვა ბიზნესების წარმოების შედეგად მილიარდიანი ქონების მეპატრონე გახდა.
FORBES-ის მონაცემებით, სავიდის ქონება 1.6 მილიარდ დოლარს შეადგენს.








