კვიპროსის ჩემპიონატი ჩვენთვის თითქოს მშობლიურივით იქცა. „ანართოსისში“ ხომ საქართველოს ნაკრების არაერთი ფეხბურთელი თამაშობს. ფამაგუსტურ გუნდს რომ თემურ ქეცბაია წრთვნის წესით უცხო არავისთვის უნდა იყოს.
ქართველების „ანართოსისმა“ ჩემპიონატის მორიგ ტურში ლარნაკას „აეკთან“ სტუმრად 1:2 წააგო და საუკეთესო სამეულსაც გვარიანად – 9 ქულით ჩამოშორდა.
თემურ ქეცბაია შედეგით გაწბილებულია და თვლის, რომ დაუმსახურებლად დამარცხდნენ.
„უპირატესობას ვფლობდით, განსაკუთრებით პირველ ტაიმში, მაგრამ სამწუხაროდ მაინც წავაგეთ. ისეთი შთაბეჭდილება მექმნება, რომ ანართოსისი არის გუნდი, რომელიც იმაზე გაცილებით ნაკლებს იღებს, ვიდრე იმსახურებს.
რა გაეწყობა, ევროტურნირების ზონას კიდევ უფრო დავშორდით, მაგრამ წინ თასის ორი მატჩი გვაქვს და მაქსიმალური მობილიზება გვმართებს.
ფეხბურთში ხშირად ხდება როდესაც ესა თუ ის გუნდი ცუდად თამაშობს, მაგრამ მაინც იგებს. ეს იღბალზეც არის დამოკიდებული. ჩვენ კი ბოლო პერიოდში უიღბლობაც დაგვჩემდა“ ამბობს საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი.





