რამდენიმე დღის წინ იყო, ქუთაისის „ტორპედო“ მთავარმა მწვრთელმა მიხეილ აშვეთიამ რომ დატოვა. ახლა კი მისი ბედი ეროვნული ლიგის კიდევ ერთი ბინადრის, „თელავის“ თავკაცმა გაიზიარა. კახური გუნდიდან რევაზ გოცირიძე გაათავისუფლეს.
თელაველები 10 ტურის შემდეგ, ოდენ ერთი გამარჯვებით და 6 ქულით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა ადგილზე იმყოფებიან. ამის ფონზე, გასაკვირი არ უნდა იყოს, რომ გუნდის მთავარი მწვრთნელის მუშაობა არადამაკმაყოფილებლად შეფასდა და მას კარისკენ მიუთითეს.
„გაცნობებთ, რომ საფეხბურთო კლუბი “თელავი” ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მთავარ მწვრთნელს, რევაზ გოცირიძეს დაემშვიდობა
სკ “თელავი” მადლობას უხდის ბატონ რეზოს გაწეული სამსახურისთვის და სამომავლოდ ყოველივე საუკეთესოს და წარმატებებს უსურვებს
40 წლის რევაზ გოცირიძე ჩვენს გუნდს 2019 წლის ზაფხულიდან თავკაცობდა და საკმაოდ წარმატებითაც – გოცირიძის მთავარი მონაპოვარი შარშან, ჩვენი გუნდის ეროვნულ ლიგაში აღზევება და დებიუტანტის კვალობაზე ელიტაში დამაჯერებელი და ღირსეული თამაში გახლდათ, რასაც ცხადია, ძალიან ვაფასებთ“ – ნათქვამის „თელავის“ პრესსამსახურის ოფიციალურ განცხადებაში.
თელაველებს დროებით 35 წლის ახალგაზრდა სპეციალისტი ბესიკ აბულაძე გაწრთვნის, რომელიც რევაზ გოცირიძის პირველი თანაშემწე გახლდათ.





