ეროვნული ლიგის მე-19 ტურში კახეთში ერთმანეთს გათამაშების აუთსაიდერები შეხვდნენ. გივი ჩოხელის სახელობის სტადიონზე ადგილობრივი „თელავი“ „სამტრედიას“ შეხვდა და დაძაბულ ბრძოლაში, 2:1 დაამარცხა.
ანგარიში 56-ე წუთზე თელაველებმა მიხეილ ბაშალეიშვილის გოლით გახსნეს, თუმცა „სამტრედიამ“ წონასწორობის აღდენა მალევე შეძლო. 58-ე წუთზე მესიაჩენკოს ჩაწოდებულ კუთხურს საჯარიმოში გიორგი ილურიძე გამოეხმაურა და ანგარიში გაათანაბრა. ყველაფერი იქით მიდიოდა, რომ შეხვედრა საყაიმო ანგარიშით უნდა დასრულებიყო, მაგრამ მსაჯის მიერ დამატებულ მე-4 წუთზე ზაზა ციცქიშვილმა მეტოქის საჯარიმოში შექმნილი არეულობით ისარგებლა და „თელავს“ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოუტანა.
ამ გამარჯვებით რევაზ გოცირიძის გუნდმა სატურნირო ცხრილში 15 ქულა დააგროვა და ბოლოსწინა მე-9 ადგილზე იმყოფება. რაც შეეხება „სამტრედიას“, გია ცეცაძის გუნდი 10 ქულით კვლავ ბოლო ადგილზე იმყოფება.
მომდევნო ტურში, „სამტრედია“ საკუთარ მოედანზე გორის „დილას“ მიიღებს, „თელავი“ კი თბილისში „ლოკომოტივს“ ესტუმრება.





