თბილისის „ლოკომოტივმა“ სოციალურ ქსელში ოფიციალური განცხადება გაავრცელა:
„მიმდინარე ფინანსური მდგომარეობიდან გამომდინარე, ლოკომოტივი იძულებული გახდა უარი თქვას მოდელზე, რომლითაც ხელმძღვანელობდა ბოლო წლების განმავლობაში.
ვწუხავრთ, რომ ბევრი მცდელობის მიუხედავად ვერ ვახერხებთ შევინარჩუნოთ არსებული გუნდი, გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით.
აქამდე არსებულ ფინანსურ წყაროებზე წვდომა შეუძლებელი გახდა, რამაც გამოიწვია შექმნილი გარემოება.
ჩვენ ვადასტურებთ რომ გვაქვს ინფორმაცია სახელმწიფო დაფინანსების არსებობის შესახებ, თუმცა ჯერ არ ვიცით რა სტრუქტურით მოხდება თანხების განაწილება კლუბებზე.
ასევე მიუხადავად სპონსორთან მიღწეული შეთანხმებისა, კლუბის დაფინანსება დამოკიდებულია სათამაშო ბიზნესის ასოციაციის საერთო გადაწყვეტილებაზე, რომელიც უკავშირდება მათ სასპონსორო კუთხით ინტეგრაციას ქართულ სპორტში.
აღნიშნული მოცემულობები ართულებს პასუხისმგებლობის აღებას, ფეხბურთელების და კლუბში მომუშავე პერსონალის მიმართ.
თბილისის ლოკომოტივი თავისივე ფინანსური რესურსით გააგრძელებს წინსვლას და გუნდის ჩამოყალიბებას, რომლის მიზანიც ყოველთვის იყო ახალგაზრდა ფეხბურთელების განვითარება და მათი ხელშეწყობა“, – ნათქვამია განცხადებაში.
გავრცელებული, მაგრამ დაუდასტურებელი ინფორმაციით კლუბი 13-მა ფეხბურთელმა დატოვა, ესენი არიან გიორგი გაბაძე, ნიკა სანდოხაძე, სანდრო გურეშიძე, დავით უბილავა, დავით სამურკასოვი, თემურ შონია, თორნიკე კირკიტაძე, ბექა დარცმელია, კახა კახაბრიშვილი, გიორგი დიასამიძე, მამია გავაშელიშვილი, ირაკლი სიხარულიძე, ასევე ლეგიონერები მარკ სპეკელნიკი და ადამა ვადე.





