ეროვნული ლიგის 1-ლი ტურის შეხვედრაში თბილისის “დინამომ” ბორის ბაიჭაძის სახელობის სტადიონზე, ქუთაისის “ტორპედოს” უმასპინძლა. შეხვედრა თბილისელთა გამარჯვებით, 4:0 დასრულდა.
მატჩის დაწყებამდე დედაქალაქური გუნდის კაპიტანმა ტრაგიკულად გარდაცვლილი ბადრი კეთილაძის ოჯახის წევრებს სიმბოლური მაისური გადასცა.
ასევე, პრინციპული მეტოქეები უკრაინის მხარდასაჭერად “ჩვენ ვდგავართ უკრაინასთან ერთად” ბანერით გაერთიანდნენ.
ანგარიში შეხვედრის 29-ე წუთზე გიორგი მოისწრაფიშვილმა გახსნა. მატჩის 31-ე წუთზე სტანისლავ ბილენკიმ კახა ცხადაძის გუდნის მაისურით სადებიუტო გოლი გაიტანა.
მეორე ტაიმში, მატჩის 65-ე წუთზე თბილისელთა მცველმა, ბენიომ სხვაობა 3-მდე გაზარდა. შეხვედრის 91-ე წუთზე კი უსმანე კამარამ საბოლოო გოლი გაიტანა.
მომდევნო ტურში ქუთაისის “ტორპედო” შინ გორის “დილას” მიიღებს. კახა ცხადაძის გუნდი კი ბათუმის “დინამოს” დაუპირისპირდება.








