რუსულმა ტელეკომპანიამ “რუბინისა” და “ურალის” მატჩი შეაფასა და მკაცრად გააკრიტიკა ხვიჩა კვარაცხელია. როგორც რუსები ამბობენ კვარაცხელიამ მაგალითი დანიელი ანდერს დრეიერისგან უნდა აიღოს, რომელმაც ყაზანელთა მაისურით პირველივე მატჩში ჰეთ-თრიკის შესრულება მოახერხა.
“თუკი ხვიჩა კვარაცხელიას მთელი ცხოვრება რუსეთის პრემიერლიგაში დარჩენა არ სურს, მაგალითი დრეიერისგან უნდა აიღოს. ისეთი პირი უჩანს, რომ დანიელი ფეხბურთელი მალე დაჩრდილავს რუბინის მთავარ ვარსკვლავს, რომელსაც დრეიერის მარგი ქმედების კოეფიციენტამდე ბევრი უკლია.
ცხადია, დანიელს ისეთი დრიბლინგი არ აქვს, როგორც ხვიჩას, თუმცა, აქვს დანარჩენი ყველაფერი. საპირისპიროდ, თუკი მხოლოდ რუსულ პრემიერლიგას არ ვგულისხმობთ, ტექნიკის გარდა, ძლიერი მხარეები არ გააჩნია კვარაცხელიას. მართალია, გასულ მატჩში ხვიჩამ საგოლე პასი მიითვალა, თუმცა, ეს ის შემთხვევაა, როდესაც პასი საგოლედ მისმა ავტორმა აქცია. ხვიჩას პასი სუსტი და უხერხულად მისაღები იყო, მაგრამ დანიელმა ქუსლით გატანა მაინც მოახერხა.
ურალთან შეხვედრაში ის ტრადიციულად დიდხანს ატარებდა ბურთს და არცთუ კარგ გაზონზე მას ხშირად კარგავდა”.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია თითქმის 1 თვიანი პაუზის შემდეგ მოედანს დაუბრუნდა. ქართველმა ფეხბურთელმა “ურალის” წინააღმდეგ “რუბინის” სასტარტო შემადგენლობაში ითამაშა, რომელიც ყაზანურმა კლუბმა 4:0 მოიგო.







